18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“მესტიაში სტადიონის დამლაგებლად 143 ადამიანი დაასაქმეს”- ქეთი თურაზაშვილი ბიუჯეტის ფლანგვაზე

კოალიცია „ძლიერი საქართველო — ლელოს“ წევრი, ქეთი თურაზაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება და სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტის გაფლანგვის კონკრეტულ სქემებს ასახელებს.

თურაზაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ 2022 წლიდან დღემდე მოქალაქეების კუთვნილი 376 მილიონი ლარი პარტიული აქტივისტების ფიქტიურ დასაქმებაში გადაყარა, რაც თავად მთავრობის მეთაურმაც აღიარა. უფლებადამცველი აქვეყნებს კონკრეტულ მონაცემებს, თუ როგორ ხდებოდა „მკვდარი სულების“ გაფორმება მუნიციპალიტეტებში:

  • თიანეთის კეთილმოწყობის სამსახურში — 325 ადამიანი;

  • მესტიაში სტადიონის დამლაგებლად — 143 ადამიანი;

  • მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურში — 859 ადამიანი;

  • გარემოს დაცვის სამინისტროში ამინდზე დასაკვირვებლად — 79 ადამიანი.

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ივანიშვილის ‘ოცნება’ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს პარტიულ ყულაბადა აღიქვამს და მოქალაქეების ინტერესები არ აინტერესებს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაასაქმა აქტივისტები ‘ქართულმა ოცნებამ’ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში“, — აცხადებს თურაზაშვილი.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, მმართველმა გუნდმა შექმნა სისტემა, სადაც გასაფლანგად ფული ყოველთვის არის, მაშინ როცა ქვეყანას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური საჭიროებების დეფიციტი აქვს:

„მაღალჩინოსნებმა ფული მოპარეს ჯარს, თბილისის ბაგა-ბაღების ბავშვებს, უფასო სასადილოებს… მაგრამ არასდროს იძებნება საბიუჯეტო რესურსი ბავშვების წამლისთვის, პენსიის ზრდისთვის, ვეტერანებისა და დევნილების დახმარებისთვის, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების, ასევე სტუდენტების ხელშეწყობისთვის“.

ქეთი თურაზაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია და შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი სამართლებრივი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია: „მნიშვნელოვანია, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი და დავინახოთ, რომ ‘ოცნების’ პირობებში უკეთესობა არ იქნება. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“, — დასძენს იგი.

banner
წინა სტატიაში“გირგვლიანზე თავდასხმის კადრები რომ გადაეღოთ, მსგავსი იქნებოდა”- ადვოკატი
შემდეგი სტატია“სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველი და აქციას აწყობ — ეს თავხედობაა” — კობახიძე