მესმოდა დედის თავგანწირული ხმა-მე დედა დამიხვრიტეს!!!

27 სექტემბერს სოხუმში სიკვდილის სუნი იდგა. აფხაზი, ჩრდილოეთ კავკასიელი “ბოევიკები” და მათი რუსი დამქაშები სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველებს, არ ერიდებოდნენ არც ქალებს და არც ბავშვებს. ამ დღეებში ცხოველურმა სისასტიკემ თავის პიკს მიაღწია. ასობით უდანაშაულო ადამიანი დახვრეტილ იქნა სახლში, ქუჩაში, ბაღში, საკუთარ ეზოში…
დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ფრაგმენტი სოხუმელი ჟურნალისტის ნანა იზორიას ჩანაწერიდან იმ უბედურების შესახებ, რომელიც მას და მის დედას, მზია კალანდიას თავს გადახდა 1993 წლის 27 სექტემბერს.
ნანას დედა აფხაზმა “ბოევიკებმა” სოხუმში, კიროვის ქუჩაზე, საკუთარ ეზოში დახვრიტეს. რომ არ დაეწყოთ ამ არაადამიანებს სახლის ჩხრეკა, სადაც ისინი ახალგაზრდა გოგონას აღმოაჩენდნენ, დედამ შვილი სახლის სარდაფში ჩაიყვანა, დაარიგა არ ამოსულიყო იქიდან რამდენიმე დღე სიტუაციის ოდნავ მაინც განმუხტვამდე, თავად კი ჭიშკარში შემოსულ მტერს შიშველი ხელით შეეგება და წინააღმდეობაც გაუწია… იგი დახვრიტეს, მაგრამ დედის თავგანწირვამ ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე იხსნა:
“მითხრა – დედიკო, შვილო, რაც არ უნდა მოხდეს, ხმა არ ამოიღოო. თავისი საქორწინო ბეჭედი ხელში დამაკავა და … წავიდა. ვგრძნობდი, ჩემს თავზე უბედურება ტრიალებდა…ცოტა ხანში სროლის ხმა გავიგე, მეგონა რომ გული გამისკდებოდა…მესმოდა დედის თავგანწირული ხმა, მესმოდა თუ როგორ ხვრეტდნენ მას… ვიჯექი სოროში, სადაც განძრევის საშუალება არ მქონდა. ერთ მომენტში თავის მოკვლასაც ვცდილობდი, არ მინდოდა სიცოცხლე… იმ წამს მხოლოდ დედის ხმა მესმოდა… მე დედა დამიხვრიტეს!!! მერე, იმ ადგილზე კიდევ რამდენიმე ქალი დახვრიტეს და იქაურობა გადაწვეს”…

გვახსოვდეს აფხაზეთი, ეს ჩვენი უკიდეგანო ტკივილია!

 

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა – დღის შეჯამება
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე: „მომავალი მმართველი გუნდი ამ კონსტიტუციას ძირფესვიანად შეცვლის!“