მესამე მსოფლიო ომის კარზე დგას კაცობრიობა, ევროპა პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად გახლეჩილია, ისტორიაში შანსი ერთხელ დგება, ეს გაშვებული შანსი კი არა, შეიძლება უკან დაუბრუნებელი შანსია – ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროკომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. მისი თქმით, ეს არის გაშვებული შანსი, რომელიც ან აღარ განმეორდება ან დიდი დრო დასჭირდება.

„სამყაროს კანონზომიერებაა, რომ ქვეყანას, რომელსაც მართავს ოლიგარქი, თანაც კრემლიდან დანიშნული, თანაც უზნეო მეთოდებით აღჭურვილი, ასეთ ქვეყანას კანდიდატობას კი არა, ახლა ვშიშობ სავიზო რეჟიმის საკითხზეც შეზღუდვები არ წავიდეს. ევროპული დიპლომატია დახვეწილობის და რაფინირების მოვლენაა და არასდროს არ გეტყვიან პირდაპირ იმას, რომ შენ ფიზიკური ნაკლი გაქვს, გეტყვიან, რომ შენ იშვიათი ადამიანი ხარ, მაგრამ აი, ამ ნაკლის გამო ოლიმპიურ გუნდში ვერ ჩაგრიცხავთ. აბა, გინებას ხომ არ დაგვიწყებდნენ.

კი გვეუბნებიან 6 თვეს და დიპლომატიური ფრაზებით გვთხოვენ კონკრეტული პუნქტების შესრულებას, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ დიდი გეოპოლიტიკური აფეთქებების წინაშე ვცხოვრობთ, მესამე მსოფლიო ომის კარზე დგას კაცობრიობა, სასურსათო კრიზისი იწყება, გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება, მრავალ პოლუსიანი მსოფლიოს ჩანასახები გაჩნდა უკვე, აგერ უზარმაზარი ლათინური ამერიკა, აგერ ჩინეთი ეკონომიკური განვითარების ტემპებით უკვე ლამის ამერიკას რომ მისდევს, ინდოეთი, განვითარებადი ქვეყნები, რუსეთმა დაიწყო საბჭოთა კავშირის სივრცის აღდგენა და ახალი იმპერიის მშენებლობა, ევროპა პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად გახლეჩილია. იქ არიან პუტინის კუდები, რომლებიც უსწორებენ კუდს და უკრაინასაც კი არწმუნებენ, რომ რაღაც დათმობები გააკეთეთ, რომ დააცხროთ პუტინის ვნებებიო. ამდენად, რა მოხდება ხვალ და ზეგ, არ ვიცით. ისტორიაში შანსი ერთხელ დგება. ეს გაშვებული შანსი კი არა, შეიძლება უკან დაუბრუნებელი შანსია. ღმერთმა ნუ ქნას და შეიძლება არ გამეორდეს ასეთი შანსი ან საერთოდ ან კაი ხნით“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო – მათიკაშვილი ევროკომისიაზე
შემდეგი სტატიაუკრაინა იმ საზღვრებში, რომელიც ადრე იყო, „აღარ არსებობს და აღარასოდეს იარსებებს“ – ზახაროვა