მერკელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა დასრულდეს უსამართლობა და უკანონობა

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის მუდმივად საუბრობს ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გერმანიის კანცლერისა და საქართველოს პრემიერის ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი როგორც გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე. ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკურ განზომილებაზე, რეგიონულ პრობლემებსა და რეგიონში მიმდინარე გამოწვევებზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტგრაციისადმი გერმანიის ურყევი მხარდაჭერა. ქალბატონმა მერკელმა მაღალი შეფასება მისცა იმ პროცესებს, იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს ეკონომიკური მიმართულებით და ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ძალიან პოზიტიური შეფასებები იყო ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკასთან მიმართებაში.

ანგელა მერკელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს ის უსამართლობა და უკანონობა, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან თქვა, რომ მუდმივად ახსოვთ საქართველო და რომ ის მუდმივად საუბრობს საქართველოს პრობლემატიკის შესახებ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველა ფორუმზე, მათ შორის სხვა ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა და ხაზი გაუსვა საოკუპაციო ხაზთან გერმანიის კანცლერის ხვალინდელი ვიზიტის მნიშვნელობას .

„ეს არის ყველასთვის მკაფიო გზავნილი, რომ გერმანია არ შეეგუება საქართველოს ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“,-განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენს მიმართ მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან იმუშავებს”
შემდეგი სტატია,,ეკონომიკურ განზომილებაში გერმანიასთან ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს”