მერიის მიერ წარდგენილი პროექტები კითხვის ნიშნებს აჩენდა, იყო მოთხოვნა, შესაბამისი სამსახურების უფროსებს სხდომაზე გაეცათ პასუხი, მაგრამ არ მოვიდნენ – რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მერიის მიერ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საკითხი, კომისიის წევრების მხრიდან ბიუროს სხდომაზე გასატანად​ დადგენილებებიც იყო მიღებული, მაგრამ ამასთან, იყო მოთხოვნა, სხდომაზე გამოცხადებულიყვნენ შესაბამისი სამსახურების უფროსები და კონკრეტულ კითხვებზე გაეცათ პასუხი, მაგრამ არ მოვიდნენ, – ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

შეროზიამ კომენტარი გააკეთა ნინო ლაცაბიძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე უარი თქვეს.

როგორც ნოდარ შეროზიამ აღნიშნა, ვისაც უნდა, რომ საკრებულომ გამართულად იმუშაოს, მან ამ პროცესებს ხელიც უნდა შეუწყოს.

„ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მერიის მხრიდან წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ქონების, სოციალური და ბიუჯეტში ცვლილების საკითხები. ეს საკითხები მანამდე კომისიის სხდომებზე იყო განხილული. კომისიის წევრების მხრიდან დადებითი დადგენილებებიც ჰქონდა მიღებული ბიუროს სხდომაზე გასატანად, მაგრამ ამავდროულად, იყო მოთხოვნა, რომ ბიუროს სხდომაზე გამოცხადებულიყვნენ შესაბამისი სამსახურების უფროსები და კონკრეტულ კითხვებზე გაეცათ პასუხი. ამ მოთხოვნას დეპუტატები იანვრის თვიდან ვაყენებთ. მართალია, მერის წარმომადგენელმა ჩვენს ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი, მაგრამ დარჩა კითხვები, რომელზეც პასუხი ვერ გაგვცა. ამიტომაც ბიუროს სხდომა გადავდეთ და ვთხოვეთ კოლეგებს, რომ სამსახურების უფროსები მოსულიყვნენ სხდომაზე და იმ კონკრეტულ კითხვებზე, რომლებზეც პასუხი იყო ბუნდოვანი და ვერ დააკმაყოფილა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ამ კითხვებზე პასუხი სამსახურის უფროსებს განემარტათ. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ველოდებოდით სამსახურების უფროსების მოსვლას, მაგრამ არ მოვიდნენ. ვითხოვთ, კითხვებზე გაგვცენ პასუხი. ეს ქმნის საკრებულოს მუშაობაში პრობლემებს და ვისაც უნდა, რომ საკრებულომ გამართულად იმუშაოს, მან ამ პროცესებს ხელიც უნდა შეუწყოს. სამსახურის უფროსების, უშუალოდ კანონით ვალდებულებაა, რომ სხდომაზე მოვიდნენ და პასუხი გასცენ დეპუტატების კითხვებს.

მაგალითად, გუშინვე ბიუჯეტთან დაკავშირებით სხდომაზე წარმოდგენილი იყო როგორც მერის სპეციალური წარმომადგენელი საკრებულოში და ასევე შესაბამისი სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ყველა კითხვა, რაც დაისვა, პასუხი იყო გაცემული და არანაირი პრობლემა არ შექმნია ბიუჯეტს, დადებითი შედეგიც დადგა. იგივე შეიძლებოდა ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნოდარ შეროზიამ.

წინა სტატიაშითბილისში 41 წლის კაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაზაზა კანდელაკი მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე – 300 წლის მერე, ქართველები ბრუნდებიან წმინდა მიწაზე; განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროცესში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვას და უდიდესი როლი აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს