მერიაში შშმ პირებმა შესვლა ვერ შეძლეს, რადგან პანდუსები დაზიანებულია – ნარმანიას მოადგილე

თბილისის მერიასთან განვითარებულ მოვლენებზე განმარტება მერიის წარმომადგენელმა გააკეთა. დავით ნარმანიას მოადგილის, ნინო ხატისკაცის თქმით, გუშინდელი აქციის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მერიაში შესვლა დღეს ვერ შეძლეს, რადგან პანდუსები დაზიანებულია.

„გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას თავიდან ბოლომდე დაზიანდა მერიის შესასვლელი. მოხდა განადგურება, როგორც ნარგავების, ასევე შესასვლელის ადაპტირებული ნაწილის. იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, ალბათ დეტალები უნდა გავარკვიოთ. იმიტომ, რომ როდესაც ადამიანთა ჯგუფი ცდილობს შენობაში შესვლას, რა თქმა უნდა შესაბამისი უწყებები შეეცდებიან, რომ შენობა დაიცვან,“-აცხადებს ხატისკაცი.

კითხვაზე – ჰქონდათ თუ არა პარლამენტისა და საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის შენობაში შესვლის უფლება ხატისკაცი პასუხობს:

„თქვენ მისვამთ ისეთ კითხვას, რომელზე პასუხიც თქვენ ჩემზე კარგად იცით, თუმცა გააჩნია გამოხატვის ფორმას, გააჩნია იმას როგორ ცდილობ, რა ფორმებით ცდილობ და რამდენად რეალურად გინდა დიალოგი და არ გინდა აურზაურის ატეხვა,“-განაცხადა ხატისკაცმა.

banner
წინა სტატიაში“თუკი დეპუტატის უფლებები შეიზღუდა, ამით დავინტერესდები” – კობახიძე
შემდეგი სტატია“რა ქაჯობა მოაწყვეს, არ ვიცი” – ლევან ხაბეიშვილი პროკურატურაში იმყოფება