მერია მცირე ბიზნესს ატერორებს – ანუ, კახი კალაძე, „პლეხანოვი“ და მერიის არალეგალური ბიზნესი?!

„გუშინ“ გავიგეთ, რომ ღამის ეკონომიკის პროექტს „ბასიანზე“ ჰქონია სწორება და ამ „უმსხვილეს“ ბიზნესს თურმე დაცვა სჭირდება.
„გუშინწინ“ ვიცოდით რომ ახალი „პლეხანოვი“ გადაგვარჩენდა და მიუხედავად იმისა, უცხოური ინვესტიცია ძირითადად კაფე-ბარების გახსნაში გამოიხატა, სადაც „ინვესტიციას“ ძირითადად ქართველი კლიენტები ტოვებენ, ეს მაინც პროგრესია, თურმე.
„დღეს“ კი გავარკვიეთ, რომ ეკონომიკის „აღორძინების“ „ეგიდით“ თბილისის მერია მცირე ბიზნესს ახალ მოთხოვნებს უყენებს.
ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, გუშინ, 22 მაისს, „პლეხანოვზე“ დაიწყო. ერთ-ერთ მაღაზიაში შესულმა, ყური ორი ადამიანის საუბარს მოვკარი და თემა იმდენად საინტერესოდ მეჩვენა, საუბარში ჩავერთე:
_ გუშინ (21 მაისს), ზედამხედველობა იყო ჩვენთან მოსული, თქვენთანაც მოვიდნენ?
_ კი, ბანერები ტროტუარიდან აიღეთო, გვითხრეს.
_ ტელეფონის ნომერი დაგვიტოვეს, ამათ მიმართეთ და მოაგვარებენ პრობლემასო. არადა, ამ რეკლამის გარეშე მე ვინ მომაგნებს აქ. ისედაც „არკაში“ ვართ და რეკლამა რომ ავიღოთ, ჩათვალე უნდა დავხურო სალონი.
_ მაგ დღეში არ ვართ ჩვენც?
_ უკაცრავად, – ჩავერთე საუბარში, – მეც აქ მაქვს მაღაზია და ჩვენთან არავინ მოსულა. რა ხდება?
_ რა ხდება და, ზედამხედველობამ გვითხრა გარეთ, ტროტუარზე რეკლამის ბანერი რომ გიდგათ…
_ ფეხებზე რომ დგას?
_ დიახ. მოკლედ, აიღეთ ეს რეკლამები და ნებართვისთვის დაურეკეთ აუდიტორს, ესენი მოგცემენ რეკლამის დადგმის უფლებასო. არადა, 2012 წელს ავიღე ნებართვა.
_ დაურეკეთ?
_ დავრეკე და კვადრატში 200 ლარს ითხოვენ.
_ ოჰო. წლიურად?
_ არა, თვეში, მაგრამ საქმე რაშია იცი? ზედამხედველმა ეს ნომერი კი დამიტოვა, მაგრამ თან მითხრა, ნებართვა რომც აიღო, შეიძლება მოვიდე და რეკლამა ავიღოო.
_ რატომ?
_ რატომ და მერიამაც უნდა მოგცეს თანხმობაო. არადა, 2012 წელს მაქვს ნებართვა აღებული, უფასოდ, აქამდე ერთი თეთრი არ გადამიხდია ამ ბანერის ტროტუარზე განთავსებისთვის. ისედაც „არკაში“ ვარ, ძლივს მაგნებენ, ახლა კიდევ ეს მინდა? თან, კედელი არ მაქვს წინა მხარეს, ვინ მომცემს თავის კედელზე ჩემი რეკლამის ჩამოკიდების ნებას, ყველას თავისი რეკლამა აქვს. მოკლედ, შეგვჭამეს ქართველები, რა. ყველა შენობის წინა მხარე თურქებს ან არაბებს აქვთ დაქირავებული თუ ნაყიდი, ცეცხლის ფასს იხდიან, მე ან ჩემნაირები, სად შევწვდებით მაგათ. მოკლედ, რა მეშველება არ ვიცი, გადასახადების გადამხდელი ვარ, არაფერს ვიპარავ ბიუჯეტს და 200 ლარი რატომ უნდა გადავიხადო ყოველ თვეში „სამფეხა რეკლამაში“, თან კვადრატი ღირს 200 ლარი. სამი კვადრატი რომ დაიკავოს ჩემმა „სამფეხამ“ ტროტუარზე, გამოდის თვეში 600 ლარი უნდა გადავიხადო. გარანტიასაც არ იძლევიან, შეიძლება ჩამოიაროს ზედამხედველობის სამსახურმა და აიღოს ეს ჩვენი რეკლამა, გადააგდოს და აგვიკრძალოს.
_ ეს აუდიტორი რაღაა?
_ რაღაც ფირმაა, ეტყობა მერიისაა. მოიცა, ზედამხედველმა ნომერი დამიტოვა, მოგცემ. აბა ჩაიწერე 2916121.
დავემშვიდობე ამ ადამიანებს და „გამოძიება“ დავიწყე. პირველ რიგში „აუდიტორთან“ ვცადე დაკავშირება, არ მიპასუხეს და მერიის ცხელ ხაზს მივმართე, გამარკვიეს:
_ არ ვიცი აუდიტორი რა ოფისია. რეკლამის განთავსება თუ გინდათ შეათანხმეთ მერიის  არქიტექტურის სამსახურთან და ამის შემდეგ მიმართეთ კომპანიას „აუთდორი“ და ის მოგცემთ უკვე ნებართვას დადოთ ტროტუარზე სარეკლამო ბანერი.
ამის შემდეგ ოპერატორმა მერიის არქიტექტურის სამსახურს დამაკავშირა:
_ „აუთდორ.ჯი“ რა კომპანიაა? ვერ გეტყვით ვერაფერს. მერიას არა აქვს კერძო კომპანია. ზოგადად განცხადება უნდა შემოვიდეს, წარმოადგინოთ დოკუმენტები და თუ დოკუმენტები მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში გაიცემა ნებართვა.
_ ტროტუარზე მინდა რეკლამის განთავსება.
_ აა, ახლა გასაგებია. ქალაქის ტერიტორიაზე თუ კედელზე არაა რეკლამა, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ „აუთდორ.ჯის“, ჩაგაწერინებთ ტელეფონის ნომერს – 2916121.
_ ეს ნომერი ზედამხედველობის სამსახურმაც დამიტოვა, მაგრამ არ მპასუხობენ, თან ზედამხედველმა მითხრა, ნებართვას თუ მოგცემენ, შეიძლება ასეთ შემთხვევაშიც კი ავიღოთ თქვენი ბანერიო. რა გავაკეთო?
_ სხვანაირად არქიტექტურა არ ითანხმებს და უნდა დაუკავშირდეთ ამ კომპანიას. გადაგამისამართებთ ზედამხედველობის სამსახურთან, იმიტომ რომ არქიტექტურა იმ რეკლამებზე რაც ქალაქში დგას, ნებართვას არ გასცემს, ერთადერთი რაც შეგვიძლია რეკომენდაციის მოცემაა. „აუთდორ.ჯის“ მიმართეთ, თქვენ ახლა აბსოლუტურად სხვა სამსახურში რეკავთ, რეკლამა რომ ახსენეთ, ალბათ ამიტომ დაგაკავშირეს ჩვენთან. დაგაკავშირებთ ზედამხედველობას.
დამაკავშირეს, ყურმილის მეორე ბოლოდან ამიხსნეს:
_ მინდა გითხრათ რომ მსგავსი ტიპის რეკლამირებისათვის, უნდა მიმართოთ აუთდორ.ჯის.
_ მაგრამ ზედამხედველობის სამსახურმა მითხრა, რომ მათ შეუძლიათ, ნებართვის მიუხედავად მაინც აიღონ რეკლამა.
_ თუ ზედამხედველობის სამსახური ამას ითხოვს არ ვიცი და ჩვენთან, არქიტექტურაში ამის ნებართვას არ იძლევიან, არ ითანხმებს მერია ასეთ რეკლამირებას და უნებართვოდ იძლევიან. ახლა რამე თუ შეიცვალა არ ვიცი, არ ვიცი რითი დაგეხმაროთ. მე ოპერატორი ვარ, ამიტომ მე მოგცემთ ზედამხედველობის სამსახურში ამ საკითხებს ვინც კურირებს იმ ოფიცრის ნომერს, ჩაიწერეთ და დაუკავშირდით. ერთმანეთის გამომრიცხავ რაღაცეებს მეუბნებით.
_ ქალბატონო გულიკო, მე თუ ერთმანეთის გამომრიცხავ „რაღაცეებს“ ვამბობ, ეს ისევ თქვენი სამსახურის თანამშრომლების დამსახურებაა. ზედამხედველობის სამსახური მოდის, მეუბნება დაუკავშირდი „აუთდორ.ჯის“, იქ არ მპასუხობენ, მერე ვრეკავ მერიაში, არქიტექტურამ გადამამისამართა თქვენთან, თქვენ მეუბნებით რომ ის, რაც მითხრეს  არქიტექტურაში არაა სიმართლე და ეს „აუთდორი“ უნებართვო ნებართვას გასცემს, რა გავაკეთო, ჭრელი პეპელა არა ვარ და მუშაობა მინდა. ზედამხედველობის სამსახური მოდის, მეუბნება დაუკავშირდი „აუთდორს“, მაგრამ მე როცა მინდა ავიღებ რეკლამასო. მიკარნახეთ ნომერი…
_ რატომ გაცხარდით?
_ იმიტომ რომ ზედამხედველობის სამსახური მიტოვებს კერძო კომპანიის ნომერს, ეს ნომერი მომცა არქიტექტურამაც, თან მეუბნებიან რომ თურმე 200 ლარს რომ გადავიხდი, არც ამის შემდეგ მაქვს გარანტია, მუშაობაში რომ არ შემეშლება ხელი. აი, რამ გამაღიზიანა.
_  ვცდილობ დაგეხმაროთ, თორემ მე არ ვარ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი.
_ აბა რას გადმომრთეს თქვენთან, კარგით, მიკარნახეთ ნომერი.
_ 2378434.
მოცემულ ნომერზე არავინ მიპასუხა, მიუხედავად იმისა, დღის განმავლობაში პერიოდულად ვრეკავდი. სამაგიეროდ, ჩემს სატელეფონო ზარებს, რამდენიმე მცდელობის შემდეგ „აუთდორ.ჯიმ“ უპასუხა:
_ მოგვაწოდეთ ინფორმაცია რა და როგორ გსურთ, თუ მერიის არქიტექტურის სამსახური მოგცემთ თანხმობას, ამის შემდეგ ჩვენ მოგცემთ ნებართვას.
_ მაგრამ მე ნებართვა მაქვს და ეს ნებართვა არის უვადო.
_ არა, ნებართვა უნდა გქონდეთ ჩვენგან. რომელი კომპანიიდან გქონდათ ნებართვა, აუცილებელია ჩვენგან იყოს.
_ არა, კომპანიიდან არ ამიღია, მერიიდან ავიღე 2012 წელს.
_ ანუ, თბილისის ტერიტორიაზე თუ რაიმე სარეკლამო აბრა დევს ტროტუარზე, ამას სჭირდება ჩვენგან სარეკლამო ნებართვა.
_ თქვენ და მერია ნამდვილად შეთანხმებული ხართ ამ პროცედურაზე?
_ შეთანხმებაში რას გულისხმობთ?
_ რა გითხრათ აბა? მერიის ზედამხედველობის სამსახური მეუბნება, შეიძლება გქონდეთ ნებართვა, მაგრამ თქვენი რეკლამა ტროტუარიდან მაინც ავიღოთ. როგორ ხასიათზე იქნება ზედამხედველობა , იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედო როგორც ჩანს. მერიის არქიტექტურა მეუბნება, ჩვენ არ გავცემთ ნებართვასო. თქვენ მეუბნებით…
_ არა, ჩვენ გავცემთ ნებართვას. ჩვენ გავცემთ… ანუ, მერიამ გამოყო… ანუ, „აუთდორზე“ ეს ნებართვა და ჩვენ გავცემთ სარეკლამო ნებართვას. ჩვენ ვერ მოგცემთ ნებართვას რაღაც რეკლამაზე… ანუ, თქვენ უნდა აიღოთ ნებართვა არქიტექტურის სამსახურიდან, ამის შემდეგ უკვე ჩვენთან ვისაუბრებთ. არქიტექტურის სამსახურის ნებართვა არის უვადო, ჩვენი ნებართვა არის ვადიანი და ფასიანი.
_ დავიბენი, მაგრამ არქიტექტურის სამსახური მეუბნება, რომ მსგავს ნებართვებს არ გასცემს. კარგით, რამდენი მაქვს გადასახდელი?
_ გააჩნია კონსტრუქციის ტიპს, ზომას, ადგილს. ამის შემდეგ დავიანგარიშებთ.
_ ჩვეულებრივი რეკლამა მინდა, ტროტუარზე დასადგამი, სამკუთხედი ფორმისა.
_ საშუალოდ მერყეობს თვეში ორასი ლარის ფარგლებში, ერთი კვადრატი.
_ კვადრატი? თვეში 200 ლარი?
_ ერთი კვადრატის ფარგლებში.
_ დღეს არქიტექტურის სამსახური მეუბნება რომ ნებართვას არ გავცემთო. ვერ გავიგე… ამ ფონზე ზედამხედველობის სამსახური მიტოვებს თქვენს ნომერს. დავიბენი, როგორაა ჩემი ბიზნესი დაცული ვერ მივხვდი.
_ აქ რეალურად, ანუ… არქიტექტურის სამსახურში უნდა ატვირთოთ, დაელოდოთ პასუხს, ამის შემდეგ ჩვენ უნდა გამოგვიგზავნოთ რა პასუხს დადებს არქიტექტურის სამსახური და შესაბამისად ვიმოქმედებთ.
_ მე მაქვს უვადო ნებართვა, 2012 წელს ავიღე.  გაუქმებულად უნდა ჩავთვალო?
_ გაქვთ ეს საბუთი?
_ დიახ. მერიამ მომცა.
_ კი, ბატონო, მაშინ გადმოგვიგზავნეთ მეილზე. ვნახავთ ლოკაციებს სად იყო განთავსება, რისი განთავსება იყო და დაგიბრუნებთ პასუხს.
აი, ესაა სულ. დასკვნები თქვენ თავად გააკეთეთ, დარწმუნებული ვარ „პლეხანოველების“ გარდა, სხვებსაც გაქვთ იგივე პრობლემები და თუ ამ „გამოძიებით“ რამე გაარკვიეთ, მეც გაგვაგებინეთ, იმიტომ რომ არც მაღაზია და არც სალონი არ მაქვს, არადა, ძალიან მაინტერესებს „კანცოვკა“.
პ.ს. სხვათა შორის, მილანშიც კი, სარეკლამო დაფა ტროტუარზე აკრძალული არაა და არც გადასახადებია შემოსავალზე მეტი.

 

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი მეტროს მემანქანეთა გაფიცვის შეზღუდვას ეხმაურება
შემდეგი სტატია„თბილისის ივენთ-ჰოლში“ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა