მერია ხვალიდან დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2020 00:01

მერია ხვალიდან დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია ხვალიდან დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა სოციალურ ქსელში, ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება დიდი პრობლემაა, რომელსაც ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მასშტაბური გახდა მსოფლიოში „ფეიკ ნიუსებთან“ ბრძოლა. ვინც თვალს ადევნებთ ინფორმაციას, იცით რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა დეზინფორმაციას, რადგან ტყუილის გავრცელება და პროპაგანდა დაბალი ხარისხის დემოკრატიის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი იარაღი გახდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. სამწუხაროა, რომ ჩვენმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რაშიც ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს. ისმის კითხვა, რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“, თუ მათთან ასოცირებულ „ფეიკნიუსების“ გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სიმართლე და სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერიამ ამ თითქმის სამი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული მიმართულებით. ჩვენ ვთქვით, რომ მერიის უწყების საჯაროობა, მუშაობის პროცესის თვალის დევნება, თანამონაწილეობა და ჩართულობა ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის საკმარისია, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მერია არ ერიდება პრობლემებზე საუბარს.

“თქვენ ალბათ აკვირდებით, რომ საკმაოდ აქტიური ვარ და ყოველთვის ვცდილობ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდო თბილისის მოსახლეობას ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ხორციელდება, რომელიც სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. ასევე, არ ვერიდები პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბარს, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს. არ გვერიდება ამაზე საუბრის იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში პრობლემების მოგვარება, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში დაგროვდა ჩვენს ქალაქში. არ გვერიდება ამ პრობლემებზე საუბრის, მაგრამ ამასთანავე, ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი ის სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე თხზავენ გამარგინალებული პოლიტიკოსები და ავრცელებენ თავიანთი მედიასაშუალებებით. ასე რომ, თითოეულ „ფეიკ“ ბრალდებას, რაც არ უნდა სისულელე იყოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ და რაციონალურ პასუხს. ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში. ხვალ, 22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეო ჩართვა, სადაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას მოსახლეობას და ასევე ვაჩვენებთ, თუ როგორ ცდილობს კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკოსები ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რის საშუალებასაც მათ არ მისცემენ.

„არჩევნები ახლოვდება და ეს კონკრეტული პოლიტიკოსები თუ მათი ტელევიზიები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში , რაშიც ჩვენ ხელს შევუშლით და ამის შესაძლებლობას მათ არ მივცემთ. ასე რომ, გვიყურეთ ხვალ, 22:00 საათზე იმისათვის, რომ გქონდეს სწორი ინფორმაცია ყველა იმ სიცრუეზე და სიბინძურეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი მისამართით ისმის. ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“, – განაცხადა კალაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2020 00:01

Google სტატისტიკა


4,976
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics