მერია ჯიხურებს აიღებს – “თბილისი არ იქნება ჯიხურების ქალაქი”

დაახლოებით 6 წლის წინ, თბილისის მაშინდელმა მთავრობამ კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო როცა ქალაქში დაახლოებით 2500 ჯიხური განთავსდა- განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მერია ჯიხურების აღებას გეგმავს

“მაგალითად, გზისპირას განთავსებული ჯიხურები, რის გამოც მუდმივად ფერხდება სატრანსპორტო მოძრაობა, ზოგ შემთხვევაში ტროტუარზე განთავსებული ჯიხური პრაქტიკულად არ ტოვებს ქვეითის გასავლელ ადგილს და ა.შ.

ხსენებული ჯიხურების უმრავლესობას სულ ახლახან გაუვიდა იჯარის ვადა და შესაბამისად, დღეს, იმ გარემოებაში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ეს 2500 ჯიხური დაახლოებით ამდენივე და ალბათ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ამიტომაც, მე კარგად მესმის ამ ადამიანების, რომ ასე მარტივად ვერ მოხდებოდა ამ ჯიხურების აღება, მაგრამ გარკვეულ პრინციპულ მიდგომებზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ.

თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი. ყველა ის ჯიხური, რომელიც მდებარეობიდან გამომდინარე არ არის პრობლემური, დარჩება, ამ ადგილებზე ხელახლა გამოცხადდება აუქციონები და მათ მიეცემათ შესაძლებლობა ახალი ვადით აიღონ საიჯარო უფლება.

ჩვენ დეტალურად გვაქვს აღრიცხული ყველა ის ობიექტი, რომელიც ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ ადგილზეა განთავსებული. ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას განუსაზღვრავს 3-დან 6-თვემდე, მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან დღემდე უკანონოდ ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებითი ვადა, რა დროსაც მათ ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. როცა დამატებითი ვადის ამოიწურება, მაშინვე უნდა აიღონ მფლობელებმა ასეთი ჯიხურები. მერია მზადაა, თითოეულ ასეთ ობიექტთან მჭიდროდ ითანამშრომლოს, რომ მოიძებნოს სხვა ალტერნატიული, ქალაქისთვის უპრობლემო ადგილები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს ოპოზიციაში აღმოვჩნდე “
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – შს სამინისტრო მიხეილ კალანდიას დაკავებას არ გამორიცხავს