მერია, ბაღები, „ნილი“, „ფუდ-სერვისი“  და სიყვარული – ბავშვთა კვება, სუსტი წერტილი!

ეს არ იყო ღვინის პაკეტი, ეს არის ჩვეულებრივი პაკეტი, რომელზეც მხოლოდ დიზაინი არის გაკეთებული ღვინის წარწერით, თუმცა შემადგენლობით სრულიად უსაფრთხოა… ჩვენ გუშინვე მივუთითეთ ამ კონკრეტულ მიმწოდებელ კომპანიას, რომ დაუყონებლივ გამოსწორებულიყო შესაბამისი ხარვეზი. კომპანიისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ იმ ეტაპისთვის ამოწურული იყო შესაფუთი პაკეტების მარაგი და რაოდენობა. კომპანიამ შესაბამისი შეკვეთა უკვე გააკეთა და ხარვეზი უახლოეს პერიოდში გამოსწორდება”, – ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც „თაიმერმა“ ექსკლუზიური ინფორმაცია გამოაქვეყნა ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ (სტატია იხ. ბმულზე http://www.timer.ge/baghebshi-shetanili-ghvinoshi-chadebuli-rdze-bavshvebisathvis-thbilisis-merias-sdzinavs/ ). მერიამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები ფაქტიურად დაადასტურა, თუმცა „კორექტირება“ შეიტანა და განაცხადა, თურმე სტატიის გამოქვეყნებამდე იცოდნენ ბაღებში რძე ღვინის „ბოცებით“ რომ შეიტანეს.

კარგით, ვთქვათ იცოდნენ, მაშინ ისმის კითხვა – რატომ არ მოახდინეს რეაგირება? თუ მერია თვლის, რომ რეაგირება არის „მითითება“, შევახსენებთ მათ, პროდუქტის შეფუთვა, ნორმების დაცვა, არის უპირიობო მოთხოვნა და კანონით თუ ამ პირობას ვერ ასრულებს კომპანია, ის ისჯება. „მითითება“ კი სასჯელი არაა! და არც – „მხოლოდ დიზაინი არის გაკეთებული ღვინის წარწერით“ – არის ქვას რომ გახეთქავს ისეთი არგუმენტი!

შემდეგი: ბენდელიანის განცხადებით: „კომპანიისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ იმ ეტაპისთვის ამოწურული იყო შესაფუთი პაკეტების მარაგი და რაოდენობა“. ესე იგი კომპანია, შესაბამისად მერია-ც,  თვლის რომ რძის პაკეტების არარსებობის გამო, მათ კანონი უფლებას აძლევს ღვინის პაკეტებში ჩამოასხას რძე. და,  ხვალ რომ ღვინის პაკეტებიც გაუთავდეთ, ბენზინის ბიდონებით შეიტანენ ბაღებში რძეს თუ როგორაა საქმე? რომელ ლოგიკაში ჯდება ბენდელიანის „ახსნა-განმარტება“ ვერა და ვერ მივხვდით, თქვენ მიხვდით, ჩვენო მკითხველო?

მეტიც, ბენდელიანი აცხადებს: “უახლოეს დღეეებში ველოდებით ლაბორატორიის პასუხს. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი რეაგირება. თუ იქნება დადებითი პასუხი, ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას ამ კომპანიასთან, თუ იქნება პასუხი, რომ ეს არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, ამ კომპანიას აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს კანონის სრული სიმკაცრით”.

კანონის მკაცრი მოთხოვნების შესახებ ვინც იცის, მან ისიც იცის, რომ კანონი რაოდენ მკაცრიც არ უნდა იყოს, უნდა დაიცვა. წესით, ეს იმპერატიული მოთხოვნა, ბენდელიანმაც უნდა იცოდეს, ბოლოსდაბოლოს, მაგისტრატურა ზუგდიდის უმაღლეს იურიდიულ სკოლაში გაიარა! მართალია, ამბობენ, ზუგდიდის უმაღლეს იურიდიულ სკოლას ერთი დღეც არ „მოლანდებიაო“, მაგრამ ხომ „დაამთავრა“? ჰოდა, ბატონმა ირაკლიმ უნდა იცოდეს,  „მითითება“ ფაქტიურად ხელის დაფარებაა, ისეთ დროს, როცა მომწოდებელი არღვევს ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას,  პროდუქტის შეფუთვის შესახებ და ის  საქმიდან ჩამოშორებულ უნდა იქნას! ისმის ლეგიტიმური კითხვა – თუ კომპანია არ იყო მზად კანონის დაცვით, წესიერად მომსახურებოდა ბაღებს, რატომ აიღო პასუხისმგებლობა, ერთ თვეში ასაღები 4,5 მილიონი ლარის გამო ხომ არა?

ახლა ისე გამოდის, რომ ბენდელიანი „კვახის ფოთლის“ პოზიციაშია, რაც საფუძვლიან ეჭვებს ბადებს და წესიერ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ ბენდელიანი მერის მოადგილის სავარძელს უკვე გამომშვიდობებული უნდა იყოს.

თბილისის მერიის გარდა „თაიმერის“ სტატიას გამოეხმაურა კომპანია „მილკო“. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ხაჩიძის თქმით: „რძის პროდუქტი ჩამოსხმული იყო ტეტრაპარკის შეფუთვაში, რომელიც არის უმაღლესი ხარისხის და საკმაოდ ძვირადღირებული მთელს მსოფლიოში. ყუთი არის აბსოლუტურად გამოუყენებელი, ახალი, უმაღლესი ხარისხის; აქვს 6 დამცავი შრე და ულტრაპასტერიზებულ პროდუქტს ინახავს 6 თვის განმავლობაში, ისე, რომ ყველა თვისებას ინარჩუნებს პაკეტში. ჩვენ ვახორციელებთ შეფუთვის იმპორტს იტალიიდან. ამ ეტაპზე ბაღებიდან მოსულმა შეკვეთამ ძალიან გადააჭარბა გეგმას, იმ შეთანხმებას, რაც ჩვენს შორის იყო, ამიტომ იძულებულები გავხდით ამ სახით შეგვეტანა პროდუქტი. ღვინის ეტიკეტირებით იყო პარკი, თუმცა, ამავე შეფუთვაზე გადაკრული გვქონდა რძის სპეციალური ეტიკეტიანი ქაღალდი, რომელზეც დატანილი იყო რძის ყველა მონაცემი. ყუთზე დატანილ მონაცემებს პროდუქტი მთლიანად აკმაყოფილებს“.  მისივე თქმით, მსგავსი შეფუთვით პროდუქტი თბილისის მასშტაბით რამდენიმე ათეულ ბაღში შევიდა.

საქმე ისაა, რომ „თაიმერი“ არ დავობდა შეფუთვის დაბალ ხარისხზე. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ არასათანადო შეფუთვით პროდუქციის მიწოდება არის კანონდარღვევა! ხვალ რომ „მილკოს“ ღვინისთვის განკუთვნილი პაკეტებიც გაუთავდეს, ღვინოზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, რძის პაკეტებში ჩამოასხამს და ისე გაიტანს ბაზარზე? თუ რაკი ბაღი ბაზარი არაა და მყიდველი შეფუთვას ვერ დაიწუნებს, ამიტომ „ყველაფერი მოსულა“?

ჩვენ საქმე გვაქვს 3-დან 6 წლამდე ბავშვებთან, ამ ბავშვების მშობლები ბაზარზე მსგავს შეფუთვაში რძეს არ იყიდიდან, ბავშვი ვერ ნახავს საიდან ჩაუსხეს ჭიქაში რძე, ბავშვი ვერ წაიკითხავს შეფუთვას, გამოდის რომ მათ ატყუებენ!!

თბილისის მერიამ, ან სხვა სამსახურებმა, განაცხადეს, რომ რძის შესახებ იცოდნენ, თუმცა ხორცის შესახებ ერთი სიტყვაც არ დასცდენია არავის. და, რაკი საქმე „დასწრებაზეა“, ხვალ რომ მერიამ არ განაცხადოს ჩვენ ესეც ვიცოდით და ველოდებოდითო, დღესვე ვაცნობებთ იმ ფაქტების შესახებ რაზედაც მათ ხვალ მოსთხოვენ პასუხს.

ხვალ ბაღის აღსაზრდელების მშობელთა გარკვეული ნაწილი აპირებს საპროტესტო აქცია გამართოს! საკითხი ღვინოში „ჩადებულ“ რძეს არ ეხება, თემა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე ეს წარმოუდგენია ვინმეს:

ბაღებში რძის და ხორცის გარდა ქათამი-ც შეაქვთ. „ნილმა“ ქათამი ფაბრიკა „როსტერისაგან“ შეისყიდა. სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ რომ „როსტერი“ საქართველოში ერთადერთია, რომელსაც მოპოვებული აქვს უმაღლესი სერთიფიკატი. მოკლედ, „როსტერს“ „ნილმა“ შეუკვეთა ქათამი. კანონით დაუშვებელია გაყინული ქათმის ბაღში შეტანა, „როსტერი“ ამ მოთხოვნას იცავს და შეკვეთის მიღებისთანავე ამზადებს ნედლ ქათამს. „ნილმა“ დილით 6 საათზე წასაღები ქათამი 18 საათზე წაიღო, „როსტერს“ არ ჰქონდა უფლება მაცივარში შეენახა ქათამი. ახლა ზამთარია და „ნილი“ ზარალს გადაურჩა, ბავშვები კი მოწამვლას, მაგრამ „გზაში“ ისედაც დაკარგულ 12 საათს „ნილმა“ კიდევ დაუმატა. ფაბრიკიდან 12 საათის დაგვიანებით წაღებული ქათმის ერთი პარტია დაურიგა ბაღების ერთ ნაწილს, მეორე პარტია კი მეორე დღეს მიუტანა ბაღების მეორე ნაწილს. ამ გადარბენისას ოთხი ბაღი საერთოდ ქათმის გარეშე დატოვეს, გამორჩათ მხედველობიდან, დაავიწყდათ ოთხ ბაღსაც რომ ჰყავს აღსაზრდელები და მათაც რომ უნდათ ჭამა. მშობლებმა იჩივლეს, სურსათის უზრუნველყოფის სააგენტომ „გამოსავალი“ იპოვა და ბაღის დირექტორებს შეაწმინდა ხელი – შეკვეთა შეეშალათო.

ბენდელიანის თქმისა არ იყოს, „მითითებაც“ კი ვერ გაუბედეს „ნილს“.  სამაგიეროდ,  სააგენტოს დავალებით დღეიდან ბაღები თავად მიიღებენ შეკვეთებს, ანუ, წესითა და კანონით „ნილს“ უნდა ჰყავდეს ოპერატორები, რომელთაც უნდა უკავშირდებოდნენ ბაღები და აძლევდნენ შეკვეთებს. „ნილს“ ერთთვიანი ხელშეკრულება მერიისაგან მეხივით დაეცა თავს და როგორც ჩანს, მზად არ იყო ამისთვის. მათ სასწრაფოდ (რომ იტყვიან ქუჩიდან),  აიყვანეს ოპერატორები, თუმცა არაპროფესიონალმა კადრმა „ვერ გაქაჩა“ და „ნილი“, ჩვენი ინფორმაციით, ოპერატორების გარეშე მუშაობს, სწორედ ამიტომ დაავალა სააგენტომ ბაღებს შეკვეთების მიღება, სქემა ასეთია: ბაღის დირექტორი რეკავს სააგენტოში და აფორმებს შეკვეთას. როგორ ფიქრობთ ერთი ფირმისთვის მერია ძალიან დიდ „კრიშას“, როგორც კვაჭი კვაჭანტირაძე იტყოდა,  არ „აიმასქნებს“?

იგივე „ბედშია“ თევზიც. წესი ასეთია: ბაღში შეტანილი თევზი უნდა გაალღონ გამდინარე ცივ წყალში. ბაღებში თევზი დილით 12 საათზე შეიტანეს. აქ კომენტარი ზედმეტია! ბაღებში შესატანი თევზი მზადდება ქარელის ტრასაზე მდებარე ქარხანაში – „უმალი“. ვინმემ მიკერძოება რომ არ დაგვაბრალოს, ამიტომ ვურჩევთ მერიის შესაბამის სამსახურებს ისარგებლონ სახელმწიფო მანქანითა და საწვავით, დაკარგონ რამდენიმე საათი და ცალი თვალი შეავლონ თევზის დამუშავების პროცესს!..

დღეს თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ ტენდერი ჯერ არ დასრულებულა. საინტერესოა როგორ მითითებას მისცემს ზუგდიდის უმაღლეს იურიდიულ სკოლა დამთავრებული ბენდელიანი „ნილს“ და „ფუდ-სერვისს“?! საქმე ისაა, რომ ეს ორი ფირმა ტენდერში რებულობს მონაწილეობას, ტენდერი ჯერ არაა დასრულებული, ესე იგი ისინი კონკურენტები არიან, ამ დროს ორივე ფირმა ერთად მუშაობს და ბარებში შესატანი პროდუქციის ნაწილს „ნილს“ „ფუდ-სერვისი“ აწვდის! რა ქვია ამას ბენდელიანისეულად არ ვიცით, მაგრამ კანონით ეს აკრძალულია და თაღლითობაში გადის, თაღლითობა კი კანონით დასჯადია და ასეთ კომპანიებს ტენდერიდან, როგორც წესი „მგლის ბილეთით“ ხსნიან წესიერ ქვეყნებში…

პ.ს. დარწმუნებული ვართ თბილისის მერი როგორც კი წაიკითხავს ამ სტატიას, მყისიერ რეაგირებას მოახდენს, ისე როგორც ეს ფინანსურმა გააკეთა დღეს (ისინი დაინტერესდნენ თემით), ბოლოსდაბოლოს აი, ამ წუთის მონაცემებით ბაღების სესახებ გამოქვეყნებულ სტატიას „ბაღებში შეტანილი ღვინოში „ჩადებული“ რძე ბავშვებისათვის – თბილისის მერიას სძინავს?!“ 40 ათასზე მეტი მკითხველი ჰყავს. ბატონო კახა, ისინი თქვენი ამომრჩევლები არიან, ნუ გაუცრუებთ იმედებს!

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ჭორვილელმა, სამტრედიელმა და კოკელმა გლეხებმა თავისი ადგილი ცხოვრებაში იპოვეს…