თბილისის მერია დედაქალაქში ამხანაგობებისთვის სავალდებულო პერიოდული ინსპექტირების ვალდებულების შემოღებაზე მუშაობს – ამის შესახებ “საქმის კურსთან” ინტერვიუში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში შევა მის მოვლა პატრონობაზე ამხანაგობა არის პასუხისმგებელი. მისი შეფასებით, ამ კუთხით ამხანაგობების თავმჯდომარეებთან მერია შეხვედრებს დაიწყებს, იმისთვის, რომ ცნობიერების ამაღლება მოხდეს.
“შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ იქმნება ამხანაგობა და რეალურად ამხანაგობა არის პასუხისმგებელი თავისი შენობა-ნაგებობის ყველა შესაბამისი ნაწილით მოვლა-პატრონობაზე.
ჩვენ ასევე დაგვევალა შევქმნათ მექანიზმი უკვე ექსპლუატაციაში შესული შენობა-ნაგებობების პერიოდული ინსპექტირების ვალდებულების შემოღებაზე, ამ დავალებაზე ბუნებრივია ვმუშაობთ შესაბამისი სამსახურები, როგორც არქიტექტურის ისე მუნიციპალური ინსპექციის სამსახური. ახლო მომავალში აღნიშნული მექანიზმიც დაიდება და შეიქმნება. საუბარი დაახლოებით იქნება იმაზე, რომ პერიოდული ინსპექტირების ვალდებულება გაჩნდეს ამხანაგობებისთვის უკვე მომავალში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ შენობა-ნაგებობა ათწლეულები უნდა არსებობდეს, ხალხმა უნდა იცხოვროს, მათი უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი აღნიშნულ შენობებში. შესაბამისად, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის ცნობიერების ამაღლებაც. ჩვენ ამხანაგობის თავმჯდომარეებთან ვაპირებთ ინტენსიურ კომუნიკაციას და ახსნას, თუ რას წარმოადგენს აღნიშნული სისტემები, რას უზრუნველყოფს ის და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მუშა მდგომარეობაში იყოს აღნიშნული სისტემები იმისათვის, რომ ამხანაგობის წევრები მუდმივად ცხოვრობდნენ უსაფრთხო გარემოში.
მაგალითისთვის, ჩვენ ვიცით, რომ მაღლივ შენობას უნდა ჰქონდეს მაგალითად ორი კიბის უჯრედი. არ შეიძლება არც ერთი კიბის უჯრედი ჩახერგილი იყოს, აუცილებლად უნდა იყოს შესაძლებელი ორივე კიბის უჯრედში თავისუფალი გადაადგილება. ან თუნდაც ყოველთვის უნდა მუშაობდეს სახანძრო-სამაშველო ლიფტი. ჯამში ეს მხოლოდ სისტემებზე არ არის, რასაკვირველია, თუმცა ყველა ის კომპონენტი, რაც ჯამში უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის დროს შენობის მარტივ ევაკუაციას, ეს ყველაფერი გადამოწმდება პერიოდულად,”-ამბობს თბილისის მერიის არეიქტეტურის სამსახურის უფრო თეიმურაზ ბოლოთაშვილი.


















