გარკვეულწილად, ხელისუფლებაც უშლის ხელს ჟურნალისტულ საქმიანობას, როგორც ამას სხვადასხვა ანგარიში და საჯარო ინფორმაციისგამოთხოვაზე რეაგირების დაბალი მაჩვენებელი მოწმობს. გარდა ამისა, შეშფოთებას იწვევს პარლამენტის მიერ ახლახან ინიცირებული ქცევის კოდექსი, რომელიც, როგორც ჩანს, იმ ჟურნალისტების დასჯის მექანიზმად მოიაზრება, რომელიც პარლამენტარებს დისკომფორტს უქმნიან, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა განაცხადა.
მისივე თქმით, სიმწვავეს ინარჩუნებს პრობლემები, რომლებიც ეხება ჟურნალისტების და მედიის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებში მონაწილე პირების დაუსჯელობას, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს აშუქებენ.
ამასთან, ლოლერმა აღნიშნა, რომ საქართველოში გამართული შეხვედრების შინაარსიდან ნათელია, რომ ქართველ უფლებადამცველებს შორის მაღალია დაუცველობის შეგრძნება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სერიოზული თავდასხმების, მათ შორის LGBTQI პირების უფლებადამცველების წინააღმდეგ, სერიის ფიგურანტების დაუსჯელობასა და უფლებადამცველების მიმართ მთავრობის უკიდურესად უარყოფითი ნარატივების მხარდაჭერასა და შეწყნარებასთან.
„დაუცველობის შეგრძნება განსაკუთრებით მძაფრია იმ უფლებადამცველებისთვის, რომლებიც ინტერსექციული რისკების, გენდერზე დაფუძნებული ყაჩაღობის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკურობის ან რელიგიური კუთვნილების, უნარშეზღუდულობის ნიადაგზე ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან. ამავე ჯგუფს მიეკუთვნებიან სოფლად მცხოვრები უფლებადამცველები.
ხშირად, როდესაც მუქარის, თავდასხმისა და დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ განაცხადებენ ხოლმე, ადამიანის უფლებათა დამცველები ყველაზე მეტ მხარდაჭერას საკუთარი კოლეგებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებისგან იღებენ. თუმცა, მათი დაცვის უმთავრესი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აკისრია.
უკიდურესად შემაშფოთა იმ ინფორმაციამ, რომელიც ჩემი ვიზიტის განმავლობაში მომაწოდეს და რომელიც ქალი უფლებადამცველების წინააღმდეგ თავდასხმებს, პირდაპირ მუქარას, საჯარო შეურაცხყოფებსა და ინტერნეტ სივრცეში შევიწროებას ეხება. მუქარები და თავდასხმები წარმოადგენს შურისძიებას იმ ლეგიტიმური საქმიანობისთვის, რომელსაც ქალი უფლებადამცველები ეწევიან და რომლის ფარგლებშიც, როგორც ეს ყველა ქვეყანაში ხდება, ისინი ხშირად აკრიტიკებენ მთავრობას და საზოგადოების სხვა ძლევამოსილ აქტორებს. შეულამაზებელი მიზოგინია, რომელსაც პარლამენტის წევრები ამჟღავნებენ ქართული ოცნებიდან, კიდევ უფრო ამკაცრებს გარემოს, რასაც, თავის მხრივ, მძიმე ზეგავლენა აქვს ქალი უფლებადამცველების მდგომარეობაზე.
სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონის მიღების მცდელობიდან მოყოლებული ანუ, მიმდინარე წლის მარტიდან, როდესაც მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებმა ქალი უფლებადამცველები უცხოელ აგენტებად შერაცხეს. ამგვარი განცხადებები და მინიჭებული ლეგიტიმაცია კიდევ უფრო ახალისებს შემდგომ შეტევებს. ქალმა უფლებადამცველებმა მითხრეს თუ როგორ გახდნენ თავდასხმის მსხვერპლები დედაქალაქის ქუჩებში სიარულისას, როგორ უხმობდნენ სახელით და აგინებდნენ მათთვის უცნობი ადამიანები. ეს ჩემი ვიზიტის დროს ხდებოდა. ასევე, ძალზე ხშირია მუქარები და შევიწროება ინტერნეტსივრცეში. ამგვარი ინციდენტების უკან ხშირად, აშკარაა, რომ ბოტები დგანან და ეს ინციდენტები როგორც წესი, გენდერულ თემაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას მოსდევს ხოლმე.
ფიზიკური თავდასხმის რისკები კიდევ უფრო იზრდება, თუ ქალი უფლებადამცველი, ამავდროულად ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელიცაა. როგორც ერთმა ქალმა მითხრა, როდესაც საქმე უმცირესობების ინტეგრაციას ეხება, ხელისუფლება ფიქრობს, რომ თემა ცალმხრივმოძრაობიან ქუჩას წააგავს. ქალების ხმები, რომლებიც ამ მიდგომას აკრიტიკებენ, ნაკლებად მისაღებია, ხოლო ქალები უმცირესობების ჯგუფებიდან, რომლებიც ხმას იმაღლებენ, ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური ჯგუფების რისხვის საგანი ხდებიან.
სიმწვავეს ინარჩუნებს პრობლემები, რომლებიც ეხება ჟურნალისტების და მედიის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებში მონაწილე პირების დაუსჯელობას, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს აშუქებენ. მათ შორისაა ზემოთ უკვე ნახსენები შემთხვევები. მე ამ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დამცველებად მივიჩნევ. მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო უწყებების ზოგი წარმომადგენელიც მეთანხმება ამაში. თუმცა, ჩემთვის ასევე ნათელია, რომ ეს ადამიანები მაღალი რისკის წინაშე დგანან და რომ სახელმწიფო საკმარის ზომებს არ იღებს იმისთვის, რომ მათ შურისძიების შიშის გარეშე შეასრულონ საკუთარი მოვალეობის შესრულება. როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა, 2021 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ, ჟურნალისტებს აწუხებთ ფიზიკური დაუცველობის განცდა.
გარკვეულწილად, ხელისუფლებაც უშლის ხელს ჟურნალისტულ საქმიანობას, როგორც ამას სხვადასხვა ანგარიშები და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე რეაგირების დაბალი მაჩვენებელი მოწმობს. გარდა ამისა, შეშფოთებას იწვევს პარლამენტის მიერ ახლახან ინიცირებული ქცევის კოდექსი, რომელიც, როგორც ჩანს, იმ ჟურნალისტების დასჯის მექანიზმად მოიაზრება, რომლებიც პარლამენტარებს დისკომფორტს უქმნიან.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველები ვერ გრძნობენ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან. ანგარიშები, რომლებიც ვიზიტისას მომაწოდეს მიუთითებს, რომ რიგ შემთხვევებში, მათ არ ეძლევათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა და ბულინგის მსხვერპლებიც ხდებიან. გარიყვა განსაკუთრებით ვრცელდება ახალგაზრდა და კრიტიკულად განწყობილ შშმ უფლებადამცველებზე,“ – განაცხადა ლოლერმა.