მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. კანდიდატების მსურველებს ცესკო-სთვის რეგისტრაციის თხოვნით მიმართვა დღეიდან შეუძლიათ

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკო-მ დღეს რვა მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები დანიშნა.

„არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 19 მაისს, საერთო ჯამში რვავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნები გაიმართება 26 საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ დანიშნა ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები და ხუთივე მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში არჩევნები გაიმართება 362 საარჩევნო უბანზე. 19 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით შუალედური არჩევნები გაიმართება საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, ასევე გაიმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები, მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში. ამ არჩევნებში რეგისტრირებულია 410 750 ამომრჩეველი და საერთო ჯამში ეს არის 410 საარჩევნო უბანი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა, მათ შორის საინიციატივო ჯგუფებისთვის კანდიდატების წარდგენის საჭირო ხელმოწერების რაოდენობა.

„წარსადგენი ხელმოწერების რაოდენობა შუალედური არჩევნებისთვის და მერების რიგგარეშე განსხვავებულია, რაოდენობა განისაზღვრება კანონმდებლობით და ეს უნდა იყოს რეგისტრირებული ამომრჩევლების 1 %. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ მიიღო საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკები. დღეიდან საინიციატივო ჯგუფებს და ასევე პარტიებს, რომლებსაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ არჩევნებში, 2 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ, მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას რეგისტრაციის გავლის მიზნით. ამის შემდეგ წარადგენენ ხელმოწერების არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმოცე დღისა და საბოლოოდ მოხდება კანდიდატების რეგისტრაცია“, – განაცხადა მიქელაძემ.

საკრებულოს არჩევნები გაიმართება საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. მერის არჩევნები მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

banner
წინა სტატიაშისაადვოკატო ბიუროში ახალგაზრდის დაკავება – ადვოკატები პოლიციელებს უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაზუგდიდში ზვიად გამსახურდიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „გზა თავისუფლებისკენ“ ჩვენება გაიმართა