გერმანიის მომავალი კანცლერი, გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი ეწინააღმდეგება უკრაინის გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში, ვიდრე ომი რუსეთთან გრძელდება, – ამის შესახებ მან Handelsblat-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინა საომარ მდგომარეობაშია. და ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, ვერ გახდება ნატოს წევრი ან ევროკავშირის წევრი“, – ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაპირება, ასევე, ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძალაში რჩება, მაგრამ ამის მისაღწევად ჯერ ომი უნდა დასრულდეს.
„ადამიანების დაუნდობელი განადგურება ყოველთვის იყო რუსული პოლიტიკის ნაწილი. არ მაქვს იმედი, რომ ომი დასრულდება – ქვეყნის დაღლილობის ან რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყების შედეგად“, – განაცხადა მერცმა.
მან დასძინა, რომ ახალი ფედერალური მთავრობა 6 მაისს დაიწყებს მუშაობას. საზაფხულო დასვენებამდე იგეგმება სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება, დეპორტაციის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირება.