მერაბ ქვარაია – პარლამენტის პარალიზებას არ დავუშვებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ ოპოზიციას აქვს თავისი გეგმები და ამოცანები, ხშირ შემთხვევაში, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. მისი თქმით, ხელისუფლებას თავისი ვალდებულებები აქვს. ამის შესახებ დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

ქვარაია აცხადებს, რომ გვიან ღამით, აქციის მონაწილეების დაშლისას პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე. ამიტომ, პარლამენტი აგრძელებს მუშაობას. ჩვენ ვალდებულებებს შევასრულებთ, რაც გვეკისრება.

პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, სამართალდამცავები გააკეთებენ იმას, რაც ევალებათ. პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და არ დავუშვებთ, მის პარალიზებას.

ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკაზე, ხვალინდელ დღეზე ვალდებულება გვაქვს ყველას, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციას. არასწორია შეხედულება, თითქოს პროპორციული არჩევნები დემოკრატიულია და შერეული არა. ქვეყანა არჩევნებს შერეული სისტემით ატარებდა და ამ სისტემას ხელისუფლების ცვლილებაც მოჰყოლია. არჩევნები იქნება გამჭვირვალე, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება“, – განაცხადა მერაბ ქვარამიამ.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, გვიან ღამით პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს, დაშავდა სამი ადამიანი.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია, მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას
შემდეგი სტატიავაჟა სირაძე : პარლამენტში დეპუტატებს შესვლა შეუძლიათ