მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ერთ ერთი ლიდერი მერაბ მეტრეველი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას უკანონობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება ციტრუსის სეზონთან დაკავშირებულ სუბსიდირების თანხებს, რომელიც მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი. პრემიერ მინისტრის განკარგულების თანახმად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სახელმწიფო სუბსიდირებისთვის ჩაირიცხა 3 მილიონ 150 ათასი ლარი, თუმცა აქედან 2 მილიონ 720 ათასი ლარი გამგეობამ ისევ უკან ცენტრალურ ბიუჯეტში დააბრუნა. რეალურად ეს ის თანხაა რომელიც სრულად მოსახელობაზე უნდა განაწილებულიყო.
დაზარალებულმა მოსახლეობამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლო წესით გაასაჩივრა. სასამართლო გადაწყვეტილებით დგინდება რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა არამიზნობრივად გახარჯა და დიდი წილი სუბსიდირებისთვის განკუთვნილი თანხა უკან ბიუჯეტში დააბრუნა რითაც მოსახლეობას ზიანი მიადგა.
სასამართლომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსახლეობისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა, თუმცა როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს ამ ფაქტზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა.