ქალაქში, სადაც ამდენი პრობლემაა, არნახულად კორუმპირებული და მექრთამე მერი, ჩადის წალენჯიხაში ფერარით, ქალაქის ცენტრში კი მშობლები წამლებს ითხოვენ ბავშებისთვის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თეა ადეიშვილის “დღის ამბებში“ განაცხადა.
“ეს არის კლასიკა ოლიგარქული სახელმწიფოსი, სადაც ეს ადამიანები გვძარცვავენ ყველაფერში – დენში, გაზში, კომუნალურებში, ტრანსპორტში, გადაზიდვებში და ამავე დროს მათი უტიფრობა არის შემაძრწუნებელი. ქალაქში, სადაც ამდენი პრობლემაა, არნახულად კორუმპირებული და მექრთამე მერი, რომელიც რა კორუფციის მასშტაბს აღწევს, ჩადის წალენჯიხაში ფერარით. ქალაქის ცენტრში კი მშობლები წამლებს ითხოვენ ბავშებისთვის. რატომ გვინდა ჩვენ ევროპა და ევროკავშირი? ცარიელი ქაღალდი კი არაა ეს, ეს არის ღირებულებები, დეცენტრალიზაცია, თვითმმართველობები, სადაც ადამიანები თვითონ წყვეტენ თავიანთ ბედს, ვერავინ ბედავს ბიუჯეტის მოპარვას, ისე, როგორც აქ იპარავენ. იპარავენ არნახული მასშტაბებით. რაც ახლა ხდება არის ის, რომ შემოდის რუსული სანქცირებული ფული, პრაქტიკულად არ არსებობს დასავლელი ინვესტორი, უფრო მეტიც, იგივე კალაძეს და ივანიშვილის, შემოსული ინვესტორი, ჰაიდელბერგცემენტის სახით, გაყავთ პირიქით და თვითონ ეპატრონებიან. ამ დროს უტიფრად გამოდიან და ჭკუას გვასწავლიან. საბოლოო ჯამში, ამაში ახალი არაფერია, ჩამორჩენილ რუსულ გუბერნიაში თუ ჩახვალთ, ზუსტად იგივე ხდება იქაც. კორუმპირებული გუბერნატორი, მერი, ამოფარებული სპორტმენებს, რომლებსაც რაღაცას აჩუქებენ, წილებს მიცემენ და ისინი ხდებიან პროპაგანდისტები. ამ დროს კი ყველაფერი მოშლილი, ადამიანებისთვის არაფერი, დაქცევაზე მყოფი ქვეყანა და რამდენიმე ადამიანი, რომელიც დაპატრონებული ამ ქვეყანას, ეს უნდა დამთავრდეს,” – განაცხადა ქადაგიძემ.
















