მექატრონიკა და მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი – სწორი პროფესიული არჩევანი ახალგაზრდებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, წელს, დასაქმების ბაზარზე ყველაზე მეტად მოთხოვნად, V საფეხურის ორ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს: მექატრონიკა და მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი.

ორივე პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 20 თვეს შეადგენს და და ორივე პროგრამა სრულადაა დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. სწავლების პროცესი მორგებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზე.

ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობა სრული საშუალო განათლება და პროფესიული ტესტირების შედეგებია. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს ორმაგი, ქართულ-გერმანული დიპლომი გადაეცემათ. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე პროფესიულ პროგრამაზე რეალურად დიდი მოთხოვანა საქართველოს დასაქმების ბაზარზე, ტექნიკური გადამზადების ცენტრის კურსდამთავრებულები, რომლებიც იზრუნებენ იმისთვის, რომ კარგ სპეციალიტებად ჩამოყალიბდნენ, წარმატებით დასაქმდებიან ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სფეროში, მანქანათმშენებლობის სექტორში, მსუბუქსა და კვების მრეწველობაში და სხვა სტექნიკურ სფეროებში მოქმედ მსხვილ თუ საშუალო კომპანიებში.

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვით დაინტერესებული ახალგაზრდები სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრმა სპეციალურად გამართულ ღია კარის დღეზე მიიწვია და მეტროსადგურ „სამგორთან“ მდებარე ახლადგარემონტებული შენობა და სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, შეთავაზებული პროფესიული პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, პირადად გასაუბრებოდნენ ცენტრის მენეჯერს, პროგრამების ხელმძღვანელებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ენახათ უახლესი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილი სასწავლო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა მექატრონული სისტემების ლაბორატორია, სადაც მანქანა-დანადგარების დაგეგმა-ინსტალაციისთვის, პროგრამირებისა და ტესტირებისთვის ყოველგვარი პირობაა შექმნილი; დაბალი და მაღალი ძაბვის ლაბორატორიები, სადაც ელექტროტექნიკოსისთვის აუცილებელი ყველა უნარ-ჩვევის გამომუშავებაა შესაძლებელი; მექანიკის ინჟინერიის ლაბორატორია, სადაც რეალურადაა შესაძლებელი ლითონის დამუშავება, ტექნიკური სისტემების, მექანიკური მოწყობილობისა და მექანიზმების დაპროექტება-დამზადება; სამრეწველო ავტომატიზაციის ლაბორატორია, სადაც ასევე რეალურადაა შესაძლებელი ავტომატიზირებული სისტემების დაგეგმვა-ინსტალაცია, მანქანა-დანადგარების დიზაინზე მუშაობა, მათი დიაგნიოსტიკა და პროგრამირება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასწავლო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ, ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელები მომავალ სტუდენტებს სამომავლო დასაქმების რეალურ პერსპექტივებზეც ესაუბრნენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრში, მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 19 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. მსურველები, რომელთა ასაკი შეზღუდული არ არის, რეგისტრაციის გავლას შეძლებენ პირადობის მოწმობით, ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში (კოსტავას 77, მე-3 სართ., ოთახი №352); ასევე, საქართველოს მასშტაბით, რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ნებისმიერ დაწესებულებაში. დარეგისტრირება შესაძლებელია ელექტრონულადაც, ბმულის
https://vet.emis.ge/#/registration მეშვეობით.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ,,თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაცია ბიზნესმენის შვილის გატაცებაზე დაადასტურა
შემდეგი სტატიაპუტინი: “ჩვენ სამოთხეში მოვხვდებით როგორც წამებულები, ისინი კი ჩაძაღლდებიან”