მეფუტკრეობის სექტორში არსებული პრიორიტეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის სამუშაო პლატფორმა ჩამოყალიბდება.
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა დარგის წარმომადგენლებთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და ლაშა დოლიძე, ასევე მეფუტკრეობის სექტორის წარმომადგენლები. მხარეებმა იმსჯელეს სახელმწიფო პროგრამების ფერმერთა საჭიროებებზე უკეთ მორგების აუცილებლობაზე და დარგში არსებული საკანონმდებლო საკითხებზე.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თაფლის ექსპორტის ხელშეწყობასა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც, სამინისტროს შეფასებით, პროდუქციის ხარისხის კონტროლსა და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.
„მეფუტკრეობის სექტორში, ისე როგორც ყველა დარგში, არსებობს მნიშვნელოვანი და სისტემური საკითხები, რომლებიც საჭიროებს განხილვას და სამინისტროს აქტიურ ჩართულობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი მარტივი არ არის, შევთანხმდით, რომ ჩამოვაყალიბებთ სამუშაო პლატფორმას, სადაც შესაძლებელი იქნება დარგისთვის პრიორიტეტული საკითხების შეთანხმება და გადაწყვეტილებების მიღება. სამინისტრო გააგრძელებს სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას“, – განაცხადა ლაშა ავალიანმა.
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ალეკო პაპავა აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები დარგისთვის მნიშვნელოვანია და სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
















