მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლოთონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნაწილების განთავსებისა და რეალიზაციის წესი 2026 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება
თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქის მერიის ინიციატივით დამტკიცებული დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლოთონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესის ამოქმედების თარიღმა 2026 წლის პირველ იანვრამდე გადაიწია.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის გამო რამდენიმე წლით გადავადებული რეგლამენტის ამოქმედების ახალი თარიღის განსაზღვრასთან ერთად, შესაბამისმა სამსახურებმა ერთი წლის განმავლობაში ამ საქმიანობით დაკავებული მეწარმე-სუბიექტების ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმირება უნდა უზრუნველყონ.
„2020 წლის 28 თებერვალს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის ინიციატივით დაამტკიცა ახალი დადგენილება – მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლოთონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესი. აღნიშნული წესის შესაბამისად გაიწერა რეგლამენტი, კერძოდ, ის არეალები, სადაც მსგავსი ტიპის საქმიანობა, პროდუქციის განთავსება და რეალიზაცია საერთოდ დაუშვებელია. ასევე, იქ, სადაც ეს დაშვებულია, განისაზღვრა ტექნიკური რეგლამენტი, იმისთვის, რომ დაცული იყოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული მოქალაქეების უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს მათი ჯანსაღი ცხოვრება. დღეს მოქმედი რედაქციით, ამ წესს პირველი იანვრიდან უწევს ამოქმედება, რისთვისაც ჩვენი ეკონომიკური სექტორი მზად არ არის, თუმცა მას განუსაზღვრელი დროით ვერ გადავავადებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.