” მეორე ტურები ჩატარდება ჩვეულებრივად, მიუხედავად იმისა, გადაწყვეტს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობის მიღებას”

ჩავთვალოთ, რომ პროპორციული არჩევნები არის შემდგარი, რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, გადაწყვეტს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობის მიღებას, მეორე ტური მაინც შედგება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა. მისივე თქმით, თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ არჩევნებზე დარღვევები იყო, ამისთვის შესაბამისი პროცედურები არსებობს, სადაც შეუძლიათ კანონიერებაზე იდავონ.

„ცესკო-ში არის გარკვეული საჩივრები, მაგრამ საჩივრების რაოდენობაც დიდი არ არის, სხვათა შორის, ესეც ერთი აბსურდია, როდესაც საუბრობენ, თითქოს, რაღაც დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ეს უნდა აისახებოდეს საჩივრებში, რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 450 საჩივარია, თუმცა ამას ყველაფერს აქვს თავისი განხილვის ვადა, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ პროპორციული არჩევნები არის შემდგარი და ლეგიტიმურად ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, მეორე ტურები ჩატარდება ჩვეულებრივად, გადაწყვეტს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობის მიღებას, მეორე ტური მაინც შედგება და პარლამენტის უფლებამოსილების ცნობაც მოხდება. მათ მოთხოვნებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ეს ცალსახად შემიძლია დავაფიქსირო. არანაირი შედეგი, ეს იქნება საპროტესტო აქციები თუ სხვა რამ, ამას შედეგი არ მოჰყვება. არჩევნები ჩატარდება კანონის მიხედვით და გადაწყვეტილებები იქნება კანონთან შესაბამისი. თუ ვინმე თვლის, რომ რაღაც დარღვევას ჰქონდა ადგილი, ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, მათ შორის სასამართლო სისტემის შესაბამისი ინსტანციები, მიმართონ მათ და იქ იდავონ ცალკეული შემთხვევების კანონიერებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდათ საპროტესტო აქციების მოწყობა? კი ბატონო, ამაში მათ ხელს არავინ შეუშლის, რადგან არსებობს კონსტიტუციური უფლება, თუმცა ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, კანონისგან ნებისმიერი გადაცდომა სახელმწიფოს მხრიდან იქნება ძალიან მკაცრად დასჯილი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშიNDI საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს
შემდეგი სტატიალევან რატიანი – თუ ადამიანებს საჭიროდ მიაჩნიათ თავშეყრის ადგილზე ყოფნა, უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცია