9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

მენთეშაშვილი სრულ შიმშილობაზეა, კადრები ასახავს არასრული შიმშილობის პერიოდს – ადვოკატი

ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატი ჯანო ჭკადუა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასა და ვიდეოკადრებს ეხმაურება.

როგორც ჯანდო ჭკადუა წერს,  უწყების მიზანია, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს.

„ზურაბ მენთეშაშვილსა და ზურაბ ჭავჭანიძეს შორის რეალურად მართლაც მოხდა კონფლიქტი, თუმცა ის არც ერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული საკვებთან. მათი კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო ჩვენთვის, თუმცა ზურაბ მენთეშაშვილის თხოვნით აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ იყო მიწოდებული. ასევე, ციხის ადმინისტრაციამ აღნიშნული ფაქტის გამო ორივე ბრალდებულს შეუზღუდა სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და ორივე მათგანი გადაყვანილი იყო საკარანტინო საკანში.
ზემოთ აღწერილი ფაქტის შემდეგ, როგორც ცნობილია, ზურაბ ჭავჭანიძემ შეწყვიტა შიმშილობა, ხოლო ზურაბ მენთეშაშვილმა კვლავ გააგრძელა შიმშილობა. საკარანტინო საკნიდან იგი D2 კორპუსის 118-ე საკანში შეასახლეს სხვა მოშიმშილესთან ერთად. საკანში შესვლისთანავე მათ შენიშნეს უამრავი ტარაკანი, რის გამოც ბრალდებულებმა მოითხოვეს საკანში დეზინსექციის ჩატარება, რაც რამდენიმე მოთხოვნის შემდეგ შესრულდა.
საკანში, სადაც ციხის ადმინისტრაციამ ტარაკნების განადგურების მიზნით ჩაატარა დეზინსექცია და სადაც მინიმუმ სამი დღის განმავლობაში არ უნდა შეეყვანათ ბრალდებულები, ისინი მხოლოდ ორ საათში დააბრუნეს უკან. ზურაბ მენთეშაშვილმა განმარტა, რომ 118-ე საკანში დაბრუნებისას საშინელი სუნი იდგა და ყველგან საწამლავის კვალი იყო. ასეთ საკანში მოუწიათ რამდენიმე დღის გატარება ზურაბ მენთეშაშვილს და მის თანამესაკნეს, დენის კულანინს.
საკნის დეზინსექციიდან რამდენიმე დღეში ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ზურაბ მენთეშაშვილი კვლავ გადაეყვანა საკარანტინო საკანში, სადაც იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და ნახა, თუ რა არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი. აღნიშნულ ფაქტზე გამოქვეყნდა დენის კულანინის წერილიც, სადაც იგი აღწერს საკანში არსებულ არაადამიანურ პირობებს“, – წერს ადვოკატი.
 ჯანო ჭკადუა კიდევ ერთხელ აღწერს ზურაბ მენთეშაშვილის მონათხრობს საკანში არსებულ გაისაძლის პირობებზე და ამბობს, რომ პენიტენციური სამსახური საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„10 მარტს, პირადად შევხვდი ზურაბ მენთეშაშვილს და მომაწოდა ინფორმაცია, თუ რა პირობებში იმყოფება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. კერძოდ, მისი განმარტებით, ბოლო ერთი კვირაა საკანი არ გაუსუფთავებიათ, რადგან საჭირო ინვენტარს ციხის ადმინისტრაცია არ აწვდის. მათ არ აქვთ ხელსახოცი, რომ ხელი გაიმშრალონ; არც ხელის საპონი, რომ ხელი დაიბანონ; არ აქვთ კბილის ჯაგრისი და არც თეთრეული. ამასთან, როგორც D2 კორპუსის 118-ე საკანში, აქაც საკანში ტარაკნებია, რაც იქ ყოფნას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.
ყოველივე ზემოთ აღწერილს, კერძოდ ბოლო კვირაში საკარანტინო საკანში მის გადაყვანას, ზურაბ მენთეშაშვილი სწორედ მის შიმშილობას უკავშირებს. როგორც მან განმარტა, ციხის ადმინისტრაციამ უთხრა, რომ თუ შიმშილობას შეწყვეტდა, იმავე დღეს გადაიყვანდნენ სხვა საკანში.
პენიტენციური სამსახურის მიერ გადაღებული ვიდეომასალა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და გავრცელებული კადრებით ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს.
ზურაბ მენთეშაშვილი არის ადამიანი, რომელიც საავტომობილო გზაზე გადასვლის გამო უკვე მეხუთე თვეა მე-8 დაწესებულებაშია გამოკეტილი და მას ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მიუხედავად ამისა, ის კვლავ აგრძელებს შიმშილობას და ბრძოლას ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის“, – წერს ადვოკატი.
 სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა პასუხი ჯანო ჭკადუას გავრცელებულ ინფორმაციაზე. მათი თქმით, ცრუ ინფორმაციაა, თითქოს ზურაბ მენთეშაშვილი შიმშილობის შეწყვეტის მიზნით ზეწოლის გამო გადაყვანილ იქნა კარცერში, სადაც ის იმყოფება არაადამიანურ პირობებში. სამსახური აღნიშნავს, რომ მენთეშაშვილი არა კარცერში, არამედ ე.წ საკარანტინე საკანშია გადაყვანილი.
სამსახური განცხადებაში არაფერს წერს ანტისანიტარიის შესახებ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

პენიტენციური სამსახური განცხადებასთან ერთად ასევე ავრცელებს ვიდეოსამეთვალყურეო კამერით გადაღებულ კადრებს და ამბობს, რომ მასზე ასახურლია ბრალდებულების – ზურაბ ჭავჭანიძისა და ზურაბ მენთეშაშვილის მიერ საკვების მიღების კადრები. სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ბოლო ვიდეო 2 თებერვლით თარიღდება.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: ომი უნდა შეწყდეს, ვიდრე მთელ რეგიონს ცეცხლის ალში გაახვევს
შემდეგი სტატია„ნიუ იორკ თაიმსი“ – ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში, სულ მცირე, 17 ამერიკულ ობიექტს დაარტყა