“მემუქრებოდნენ, რუსულ მხარეს გადაგცემთო” – რუსეთში დევნილ აქტივისტს საქართველოში არ უშვებენ

რუსეთის მოქალაქეს, ჟურნალისტ და ბლოგერ ინსა ლანდერს, რომელის წინააღმდეგაც რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, საქართველოში არ უშვებენ – ინფორმაციას ეგორ კუროპტევი, ფონდ თავისუფალი რუსეთის სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი ავრცელებს.

“მას სერიოზული პრობლემა აქვს, უკვე 5 დღეა, საქართველოს საზღვარზეა, არ აქვს არც წყალი და არც საჭმელი, სკამზე სძინავს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შემოუშვა. ეს ადამიანი რუსი ბლოგერია ნალჩიკიდან და შინაპატიმრობიდან გაიქცა. საბედნიეროდ, მოახერხა და რუსეთის საზღვარი გადმოლახა, ახლა კი 5 დღეა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არ უშვებს. გუშინ ომბუდსმენის ოფისმა სცადა მასთან შეხვედრა, მაგრამ პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. ეს კატასტროფაა, რუსეთში დაბრუნება რომ სცადოს, მაშნვე საზღვარზე დაიჭერენ და მრავალი წლის გატარება მოუწევს ციხეში. მიმართა ყველა სამინისტროს, მაგრამ არავინ გამოეხმაურა”. – ამბობს ეგორ კურაპტევი ფორმულასთან ინტერვიუში. [ფორმულას თარგმანი]

ბლოგერი ამბობს, რომ საზღვარზე დაემუქრნენ, რომ რუსულ მხარეს გადასცემენ.

“უარის პირდაპირ მიზეზს არ მეუბნებია, მე ეჭვი მაქვს, რომ არის პოლიტიკური ქვეტექსტი. იმედი მაქვს, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსულ სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობენ და არ გადამცემენ რუსულ მხარეს. ამის შიში მაქვს, რადგან მემუქრებოდნენ, რომ რუსულ მხარეს გადამცემდნენ”. – ამბობს ის ფორმულასთან ინტერვიუში. [ფორმულას თარგმანი]

ეხო კავკაზას ცნობით, რუსეთში ლანდერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ქმედებების ხელშეწყობას ითვალისწინებს. საქმე უკავშირდება სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე 2014 წლის პირად მიმოწერას, ФСБ-ს მტკიცებით, მან “ტერორისტულ საქმიანობაში ჩართო” მისი მეგობარი, უმარ დუგუჟევი. ეგორ კუროპტევი ამბობს, რომ აქტივისტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ის ბოლო პერიოდში კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებდა.

banner
წინა სტატიაშიაქ ვიხილეთ ბარბაროსობის კვალი, სამხედრო დანაშაულების ნიშნებიც საკმარისად არის – მაკრონი ირპენში
შემდეგი სტატია1 თვე გავიდა უკვე, რაც ნიკა ამ დაწესებულებაშია და მისი განწყობა იმდენად კარგია, იმდენად მტკიცეა, გამოვიდა, რომ აქეთ მაწყნარებდა – სოფო ლილუაშვილი