მელია: სენატორებთან შეხვედრაზე უნდა ვისაუბროთ მომავალზე, რა ხედვა გვაქვს ოპოზიციას

სენატორებთან შეხვედრაზე უნდა ვისაუბროთ მომავალზე, რა ხედვა გვაქვს განსაკუთრებით ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“, სიმართლე გითხრათ, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, მით უმეტეს ჩემთან მიმართებაში, არ მინდა ბევრი ვისაუბრო და არც ვაპირებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სენატორებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მიმდინარე შიდა ქართული პოლიტიკური საქმეები არის მნიშვნელოვანი, თუმცა როდესაც ჩვენთან ამ რანგის კოლეგები ჩამოდიან, განხილვას ექვემდებარება საკითხები, რომლებიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შიდა პოლიტიკური საკითხები. ეს შეეხება ამჯერადაც რეგიონალურ გამოწვევებს, უსაფრთხოების საკითხებს რეგიონალურ ჭრილში, ეკონომიკურ მდგომარეობას, დემოკრატიას და მის ხარისხს ბუნებრივია. ამიტომ აქ არ იქნება საუბარი მხოლოდ განვლილ თვეებში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ არ ამოიწურა. სიმართლე გითხრათ, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, მით უმეტეს ჩემთან მიმართებაში არ მინდა ბევრი ვისაუბრო და არც ვაპირებ. აქ ყველაფერი ნათელი იყო და ხელისგულზეა. არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, საერთაშორისო საზოგადოებაც ძალიან კარგადაა ინფორმირებული.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ მომავალზე, რა გეზი გვაქვს, რა ხედვა გვაქვს განსაკუთრებით ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“, რა ხედვა გვაქვს და როგორ ვხედავთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზას.

რაც შეეხება იმას, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას არ ვაპირებთ, ამაზე საუბარი უნდა დასრულდეს. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო თავისი შესაბამისი გადაწყვეტილება, ისეთი როგორიც არის, საკუთარი პოლიტიკური ხედვებისა და მრწამსის გათვალისწინებით. ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია შესაცვლელი“,- განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიშაჰინი: რუსეთი ცდილობს დააშინოს ქვეყნები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა
შემდეგი სტატიაჩეხეთის სენატმა ქალებს გერდერულად ნეიტრალური გვარების ქონის უფლება არ მისცა