მელია – მნიშვენელოვანია მხარდამჭერებთან მჭიდრო ურთიერთობა ქვეყნის მასშტაბით

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თელავში, პარტიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან შეხვედრის მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი გახდება ცნობილი.

„მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე მეგობრებთან ერთად. დღეს რომ თელავში ვარ, ეს არის ჩემი მოკლევადიანი გეგმის ნაწილი. შეუძლებელი, დაუშვებელი იყო და უბრალოდ მიუღებელი იქნებოდა, ციხიდან გამოსვლისთანავე, თუნდაც მეორე დღეს მიმეღო გადაწყვეტილება მეგობრებთან ერთად პარტიაში.

მნიშვენელოვანია, რომ გვქონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა საზოგადოებასთან, ჩვენს მხარდამჭერებთან მთელი ქვეყნის მაშტაბით, რომ ისინი იყვნენ ჩართული ამ პროცესში, რასაც ჰქვია უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ და არაერთი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მისაღები უახლოეს პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აქტიურად დაიწყებს საარჩევნო კამპანიას საქართველოს მასშტაბით.

„გადაწყვეტილება როგორც კი გამოცხადდება, კიდევ უფრო მაღალი ტემპით ვაპირებ მთელ საქართველოში კამპანიის ჩატარებას. არა უბრალოდ ტრაფარეტურად ჟღერდეს – ყველა სოფელში, ყველა ღელეში, მთაში, ბარში, არამედ პირდაპირი გაგებით, მართლა ყველა სოფელში მინდა შესვლა, რადგან თუ ჩვენ ვთანხმდებით,რომ არის ოლიგარქიული რეჟიმის საფრთხე, ეს არის საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის და ასე შემდეგ, ამასთან შემრიგებლობა არ შეიძლება. ამასთან, ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება. გულზეხელდაკრეფით, თუნდაც ნახევარი ძალით ბრძოლით, შენ ოლიგარქს ვერც საქართველოში, ვერც სხვა ქვეყანაში ვერ დაამარცხებ. ამიტომ, თელავიდან დღეიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როდესაც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“ლელოში” თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ