მელია: ხელისუფლებამ აღიარა, რომ შეზღუდვები უკანონო იყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, პროკურატურის მიერ მისთვის შეზღუდვების გაუქმებისა და მხოლოდ 100 000-ლარიანი გირაოს მოთხოვნა პრაქტიკული აღიარებაა, რომ დაწესებული შეზღუდვები უკანონო იყო.

“პრაქტიკულად აღიარეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, შეზღუდვაც ნებისმიერი ტყუილად მქონდა დაწესებული, როგორიც არის მაგალითად პასპორტის ჩამორთმევა, ანუ მე მეკრძალებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში საზღვარგარეთ გასვლა, პლუს სახლში რაღაც დანადგარი მიყენია, რომელიც აკონტროლებს ჩემ შესვლასა და გამოსვლას და ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული მქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიტყვით გამოსვლა, ანუ მიტინგზე გამოსვლის უფლება არ მქონდა”. – თქვა მან.

მისივე თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვის გარდა, ის არც ერთ შეზღუდვას აღარ ითვალისწინებდა, რამაც მელიას აზრით ხელისუფლება თავის უსუსურობაში დაარწმუნა.

“ხელისუფლება ნამდვილად ჩამოშლილია, ამაში დავრწმუნდი, აღიარა პრაქტიკულად, რომ ეს შეზღუდვები იყო უკანონო, არაეფექტური არის, ვერ ვაკონტროლებთ, მონიტორინგს ვერ ვუწევთო და თავადვე მოითხოვეს ამ ყველაფრის გაუქმება. აი, ასე გავიმარჯვებთ ძალიან ცოტა ხანში, ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქესთან ერთად, იმ თვალსაზრისით, რომ ივანიშვილს დავანიშნინებთ ახალ არჩევნებს, ან მოუწევს აღიარება რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა და ამას მოყვება ახალი არჩევნები ან მოუწევს შედეგების გასწორება, რასაც არ გააკეთებს საზოგადოების ზეწოლის გარეშე”. – თქვა მან.

ცოტა ხნის წინ, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა თქვა, რომ პროკურატურამ მელიასთვის შემზღუდავი ღონისძიებების გაუქმება და გირაოს 100 000-ლარამდე გაზრდა მოითხოვა.

ადვოკატის ინფორმაციით, მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.

პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია.

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“ : გამოვდივართ ორი ინიციატივით
შემდეგი სტატიაCovid19-ით 27 წლის გოგო გარდაიცვალა