მელია – გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა… ახლა უნდა დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან

​მინდა, მივმართო ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს – ახლა შტაბებში ყოფნის დრო არ არის, ახლა უნდა დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან – ასეთია თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, ნიკა მელიას პირველი კომენტარი ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ.

ნიკა მელიამ განსაკუთრებული მადლობა მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს გადაუხადა.

“ყველამ ვიხილეთ დღის განმავლობაში, რა არის “ქართული ოცნების” სახე – მე თვითონაც მძულს ეს ფრაზები, ეპითეტები, თითქოს, ვამკობ ხელისუფლებას, როდესაც ვსაუბრობ, რომ ისინი არიან მოძალადეები, აგრესორები, მაგრამ ფაქტის კონსტატირებას ვახდენ უბრალოდ. დღეს “ქართული ოცნება” საერთოდ მარცხნივ არის და კილომეტრებით დაშორებულია პოლიტიკისგან. მათ პრეტენზიაც კი არ აქვთ, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკურ პროცესში. თავიდან ბოლომდე ძალადობაზე, ძალისმიერი მეთოდებით, პროკურორებით, პოლიციელებით, ვითომ კრიმინალებით, ვითომ ძველი ბიჭებით. რომლებიც არიან ამორფარებულები პოლიციელებსა და პროკურორებს ასე ატარებენ არჩევნებს.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ძალადობისა, მიუხედავად მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა არ ეყოთ! არ ეყოთ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს.

გინდა, არ გინდა, ვარ ყურადღების ცენტრში, ვინაიდან ვარ მილიონნახევრიანი დედაქალაქის ოპოზიციური კანდიდატი და მე მისწორდებიან ფიზიკურად ეს ზონდერები და ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან თითოეული ჩემი ხმისთვის. ჩემ გვერდით, ჩემ გარშემო თქვენ ხართ, მედიის წარმომადგენლები ხართ, მაგრამ მთელი ამ საარჩევნო უბნის ფარგლებში ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება? ეს ძალადობრივი ბრიგადა, რომელიც შექმნეს კალაძემ, ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა, მარცხდებიან, მაგრამ ღირს სიცოცხლის დათმობაც კი, ამ სიველურის დამთავრებისთვის!

დიდი მადლობა ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს კოალიციის სასარგებლოდ, სიკეთის სასარგებლოდ, ცვლილების, კონკურენციის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მაინცდამაინც მზე და მთვარე არ ამოსდიოდეთ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომელიც გავერთიანდით. მაგრამ ბავშვიც კი მიხვდა, რომ რეალობა ვერ შეიცვლება ცვლილებების გარეშე.

თქვენ წარმოგიდგენიათ რომ არა კანონიერი ქურდები, ძალადობა, კრიმინალი, პროკურორი, რამხელა სხვაობა იქნება ოპოზიციის სასარგებლოდ? ​მინდა, მივმართო ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს – ახლა შტაბებში ყოფნის დრო არ არის, ახლა უნდა დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან.

შეუძლებელია, დემოკრატიული წესწყობილება და ოლიგარქიული წესწყობილება ერთდროულად თანაცხოვრობდეს ან ერთი გვაქვს ან მეორე. მე დარწმუნებული ვარ, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩი ხედავდა როგორ ძალადობდნენ, მათ შორის კანდიდატებზე, მათ შორის ჩემზე და როგორი სიმშვიდით ვპასუხობდი. აი, ამ სიმშვიდემ გამოიყვანა მდგომარეობიდან “ქართული ოცნება”,- თქვა ნიკა მელიამ

თბილსის მერობის კანდიდატმა თქვა, რომ მას, როგორც კანდიდატს, ხმის დათვლის პროცესზე დაკვირვება ეკრძალება, თუმცა ვისაც ამის უფლება აქვს, ვალდებულია, თითოეული ხმა დაიცვას.

“ახლა ჩემი თხოვნაა, ვისაც გაქვთ ე.წ. ბეიჯი შევიდეთ საარჩევნო უბნებზე და ქალბატონებს, ბატონებს, ვთხოვ, უბნების მიმდებარედ თავი მოვიყაროთ და 100 მეტრის მეშვეობით, ელემენტარულად ტელეფონის მეშვეობით, შეიძლება ისტორიული წვლილი შევიტანოთ ხმის დაცვის პროცესში. ისტორია დაიწერებოდა მჯეროდა და ისტორია დაიწერა. დავიწყე და დავამთავრებ – დიდი მადლობა კომისიის წევრებს.

აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება არაფერი ამაში ტრაგიკული არაა, ნუ გეშინიათ ბატონო კალაძე, ღარიბაშვილო, კობახიძე. არც იმ ადამიანებს მოვთხოვთ პასუხს, ვინც პირდაპირ ეთრეში იძალადა, იმიტომ, რომ ისინი ჩემი აზრით არიან თქვენი მსხვერპლი, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ” ,- თქვა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – ქვეყნის ხუთივე დიდ ქალაქში ლიდერობენ ოპოზიციის კანდიდატები და ახლა აუცილებელია უბნებზე ხმების დაცვა
შემდეგი სტატიაგიორგი კირთაძე – საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციამ გამარჯვება შეძლო