მელია – ელენე ხოშტარიასნაირი ენერგიული დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარე სჭირდება გლდანის რაიონს ქომაგად

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „დროას“ ლიდერი, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გლდანში იმყოფებოდნენ, სადაც ამომრჩევლებს შეხვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ წელსაც, როგორც შარშან, გლდანში ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ელენე ხოშტარია დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველსავე ტურში გლდანის რაიონში. ელენესნაირი ენერგიული დეპუტატი და შემდგომ უკვე საკრებულოს თავმჯდომარე სჭირდება გლდანის რაიონს ქომაგად. ამიტომ წარმატებები ელენეს და წარმატებები მთელ გლდანის რაიონს“, – განაცხადა მელიამ.

პირველსავე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია ელენე ხოშტარიაც. მისი თქმით, გლდანმა 2020 წლის არჩევნებზე ძალიან დიდი ბრძოლისუნარიანობა აჩვენა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სიის პირველი ნომერი კი არ ვიყო, არამედ, უშუალოდ ვიყო ამ მებრძოლ ხალხთან ერთად და ამ უბანში დავდოთ გამარჯვების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ რეალურად გვაქვს შანსი, რომ პირველივე ტურში გლდანმა გამარჯვება გამოაცხადოს.

გამარჯვება არ მოდის მხოლოდ პოლიტიკოსების ხარჯზე, ეს გამარჯვება მოდის ხალხის შემართებისა და ბრძოლის ხარჯზე და ეს გასულმა წელმაც გვაჩვენა“, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – არ გამოვრიცხავ, რომ სწრაფი ტესტი აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი გახდეს
შემდეგი სტატიაკლინიკა „ბომონდში“ კოვიდინფიცირებულმა 47 წლის ქალმა ტყუპები გააჩინა