მელია: ჩემთვის ერთი თვით ადრე იყო ცნობილი, რომ ივანიშვილი უგულავას ციხიდან უშვებდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას განცხადებით, მისთვის ერთი თვით ადრე იყო ცნობილი, რომ ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდი პარტიას დატოვებდა.

როგორც მელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნულ პროცესებში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის როლს ხედავს.

„ჯგუფმა, რომელიც პარტიას გამოეყო, საკუთარი არჩევანი გააკეთა, მაგრამ, ის, რომ რომ განსაკუთრებით გიგა ბოკერიას უნდა წარმოჩენა, თითქოს პარტია გაიყო, ასე არ არის. ამას დაინახავს გიგა ბოკერიაც და თითოეული ჩვენგანიც, 20 იანვარს.

მე გიგი უგულავას არ ვუპირისპირდები, ვუპირისპირდები ღალატს, ორპირობას, ამომრჩევლების აბუჩად აგდებს და შეცდომაში შეყვანას. ეს არის ჯგუფი,რომელმაც ამომრჩეველი მოატყუა.

სამწუხაროდ, ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის როლს ვხედავ. ბევრი კითხვის ნიშანია. ჩემთვის ცნობილი ერთი თვით ადრე იყო, რომ ბოკერიას გუნდი „ნაცმოძრაობის“ დატოვებას აპირებდა და, რომ უგულავას ივანიშვილი უშვებდა ციხიდან. მე ამაზე მათთან საუბარი მქონდა. ბევრი რამ შეიძლება ვთქვა და თავს შევიკავებ, ხვალინდელი დღე ყველაფერს იტყვის“,- განაცხადა მელიამ.

ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე დღის წინ დატოვეს. პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფები ცვლილებებზე მუშაობას იწყებენ
შემდეგი სტატია32 დაღუპული და დანგრეული 15 სახლი – Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა