მელია: ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ამ დღეს, ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე, ვუთხარი მათ, დამლოცეთ მეთქი

მწამს, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ ეს მთავრობა ყველაფერზე წამსვლელია, თუმცა მაინც იციან, ვის მხარესაა ზუგდიდში უპირატესობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ განაცხადა.

როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, მისი გამარჯვება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებაც იქნება.

„ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ამ დღეს. ახლა ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე. მივედი, ვუთხარი მშობლებს, რომ დამლოცეთ მეთქი და უნდა გენახათ, მანქანების რიგი დადგა. ხალხი მოვიდა, ყველა წარმატებებს მისურვებდა და მკოცნიდა, მეხვეოდა. ეს არის საყოველთაო სიყვარული და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. მწამს, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ ეს მთავრობა ყველაფერზე წამსვლელია, თუმცა მაინც იციან, ვის მხარესაა ზუგდიდში უპირატესობა. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები მე მიჭერენ მხარს. დამიდგეს ჩემი კონკურენტი, ერთად გავიაროთ ქუჩებში და ვისაც უფრო მეტი მოწონება ექნება, ამას ვნახავთ. მიხარია, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ვარ. თავს შევწირავ ზუგდიდელებს და ყველაფერს გავაკეთებ, რათა შევუმსუბუქო ხალხს ყოფა-ცხოვრება. მე მოვედი ამიტომ ზუგდიდში და იმიტომ მივატოვე ჩემი საყვარელი საქმე. მარტო კაბინეტში ჯდომით ქვეყანა არ აშენდება. ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლო, ვიბრძოლო ისე, რომ გლეხს მივცე ამოსუნთქვის საშუალება, ქალაქელს მივცე ამოსუნთქვის საშუალება და ეს ზუგდიდი დავამსგავსო ჩემი სიყმაწვილის ზუგდიდს, სადაც სიკეთე, მეგობრობა და სიყვარული ჩქეფდა. უარი უნდა ვუთხრათ ჩვენ ასეთ დაპირისპირებებს, ორად გაყოფას ქვეყნისას. ეს საზიანოა მთლიანად ქართველი ერისთვის. მე მიყვარს საქართველო, მიყვარს ზუგდიდი და მინდა, მესამე პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელად და ბედნიერად. ამას ვუსურვებ. ჩემი გამარჯვება იქნება ბატონი მიხეილის გამარჯვებაც“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ნუ გადაიქცევიან ზონდერებად
შემდეგი სტატიაგვარამია კობახიძეს:2 ოლქს ვაგებთ 20დან. მე: 2 ოლქს იგებთ ოციდან”