მელია – არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, იმდენად ძლიერი ვარ ჩემი სიმართლით, ტყვიაც რომ მესროლოთ მკერდით გავაჩერებ

ნიკა მელია

“არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, როგორც ამ სიბინძურესთან ბრძოლისას. იმდენად მართალი ვარ, იმდენად ძლიერი ამ სიმართლით, ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ. ჩემს უკან ქვეყნის სიყვარული და ზნეობაა” – ასეთია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას პასუხი პროკურატურის მოთხოვნაზე.

“2019 წლის 20 ივნისი , ესაა თარიღი, რომელიც გვახსოვს. მეტიც, 100 წლის მერე, როცა არ ვიქნებით, ისტორია შეუნახავს ჩვენს შვილებს, შთამომავლებს ამ თარიღს.

ესაა თარიღი, როცა თბილისში ოკუპანტი სახელმწიფოს ყველაზე აგრესიული წარმომადგენლი, სერგეი გავრილოვი ჩამოიყვანეს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასვეს. თარიღი, როცა ეს უსამართლობა გააპროტესტა ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ამისთვის სახელმწიფომ მათზე სასტიკად იძალადა.

2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, ამ პროტესტის შემდეგ, ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნა დაიწყო. მათ შორის ჩემიც. თუმცა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის გამო, მაშინ, ჩემი დაპატიმრება ვერ მოახერხეს.

ისტორიაში პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც გირაო დააკისრეს და პარალელურად სამაჯურის ტარების ვალდებულება დამეკისრა. სამაჯურის, რომელიც ჯიპიარესთანაც კი არ იყო მიბმული. ამ დრომდე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. სამაჯური გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა განაჩენი დამდგარია.

პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც აუკრძალეს საჯარო სივრცეებში სიტყვით გამოსვლა.

პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც გირაო გადახდილი აქვს, მაგრამ კვლავ სთხოვენ გადახდას.

ვებრძოლო უსამართლობას და ამავდროულად დავემორჩილო?! არა, არ დავემორჩილები, რადგან ეს უსამართლობაა, მორალი არ მომცემს ამის უფლებას.

მე ახლა ვარ ოფისში, რომლის კისერზეცაა მოდერნიზებული სახელწმფიოს შექმნა. შესაბამისად, პატივს ვცემ კანონს, მაგრამ არა მურუსიძეს, ფარცხალაძეს, ივანიშვილს.

არ ვპროვოცირებ, უბრალოდ მინდა ჩემი ქმედებით გავწყვიტო უკანონობის, უსამართლობის, პოლიტიკური დევნის ჯაჭვი და ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, სადაც სამართლიანად ჩატარდება არჩევნები.

არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, როგორც ამ სიბინძურესთან ბრძოლისას. იმდენად მართალი ვარ, იმდენად ძლიერი ამ სიმართლით, ტყვიაც რომ მესროლოთ მკერდით გავაჩერებ. ჩემს უკან ქვეყნის სიყვარული და ზნეობაა.” -აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – ვადა ამოიწურა, უკანონო გირაოს არ გადავიხდი
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას ტოვებს