22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

“მეხის დაცემაა”- მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩიმაკაძის დაწინაურებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა: ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ირაკლი ჩიმაკაძემ დაიკავა.

ჩიმაკაძემ, რომელიც მანამდე ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2017 წელს პანკისში ჩატარებული გახმაურებული სპეცოპერაციის დროს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის პოსტი ეკავა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ირაკლი ჩიმაკაძეს მისი შვილის საქმეში მთავარ პასუხისმგებელ პირად და „მკვლელობის ავტორად“ მოიხსენიებს. მისი განცხადებით, ჩიმაკაძის დაწინაურება მისთვის მძიმე და შოკისმომგვრელი ფაქტია.

“ჩემს საქმეში თემირლანის მკვლელობა პირდაპირ უკავშირდება ჩიმაკაძეს. მაგ ბოროტ არსებას, მაგ არაადამიანს. ადამიანი, რომელიც ყველა ადამიანური გრძნობებისგან არის დაცლილი, როგორც ასევე დაცლილია მთელი ქართული ოცნება, ხელისუფლება. მისი დღეს თანამდებობაზე დანიშვნა ჩემთვის ნიშნავს მეხის დაცემას. მთელ ამ საქმეში დამნაშავე და მთელი ამ მკვლელობის ავტორი არის ირაკლი ჩიმაკაძე. მაგრამ როგორც ასეთი უფრო ხშირად გოგაშვილს ვესხმოდი თავს. ეს იმიტომ, რომ ეს გოგაშვილი გამოაგორეს და ტყუილებისა და დეზინფორმაციების გავრცელება მას დაავალეს. იგივე დამნაშავე გოგაშვილიც არის, როგორც ის გომელაური, როგორც მაშინდელი მთელი ეს უწყება სუსის მაღალი თანამდებობის პირები, მაგრამ როგორც ასეთი პირველი დამნაშავე არის ირაკლი ჩიმაკაძე. ეს დაგეგმვაც, ეს მკვლელობაც, ამ ფულის გათეთრებაც ეს ყველაფერი ერთად არის ირაკლი ჩიმაკაძის ხელწერა. მკვლელობა თემირლანის სისხლი არის ჩიმაკაძის კისერზე”,_  ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი TV პირველთან საუბრისას.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმე წლებია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ოჯახი კი სისტემურ დანაშაულზე მიუთითებს და მომხდარის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაში“ბავშვს ხელი მამამისმა დაუჭირა, შვილმა კი დაჭრა”- ვაშლიჯვარში დაჭრილი მოზარდის დედა
შემდეგი სტატიასასამართლომ მუსიკოსი მაია დარსმელიძე 2800 ლარით დააჯარიმა