მეხანძრე-მაშველებმა ხანძრისას ნაპოვნი ოქროს სამკაულები მფლობელს დაუბრუნეს

ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან ხანძრის შესახებ შეტყობინება დღეს დილით შევიდა.

„ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა მეხანძრე-მაშველთა 11 ჯგუფი. მათი ოპერატიული მოქმედების შედეგად, გადარჩენილია საცხოვრებელი სახლის უმეტესი ნაწილი. ჯამში, დამწვარია 450 კვადრატულ მეტრამდე ფართობი – შენობის მეორე სართული და სასხვენო გადახურვა.

ხანძრის ქრობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა სახლიდან ოქროს სამკაულების გამოტანა შეძლეს და მფლობელს სრულად დაუბრუნეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს

banner
წინა სტატიაში„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია2018 წლიდან დღემდე საქართველოში გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვა დანაშაულის 478 ფაქტი გამოვლინდა