მეგრელიშვილი – „ქართული ოცნება“ იმ პროცენტს გვთავაზობს ბარიერად, რაც არჩევნებში ჩვენ არ მიგვიღია

„ქართული ოცნება“ იმ პროცენტს გვთავაზობს ბარიერად, რაც არჩევნებში ჩვენ არ მიგვიღია, ეს არასერიოზულია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ასეთ შეთავაზებების გაკეთება უხერხულია.

„მოლაპარაკებების დროს შეიძლება, ისეთ რამეზე შევთანხმდეთ, რასაც საკონსტიტუციო ცვლილება და 113 ხმა სჭირდება, მგონი ასე არ უნდა გეპატიჟებოდნენ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაგროვებლად. რაც შეეხება შინაარსს, ეს არის ერთჯერადი შემოთავაზება 2024 წლისთვის. რაღაცნაირად უხერხულიც არის ამ ტიპის შემოთავაზების გაკეთება. ვის უკეთებს ამ შემოთავაზებას, ვერ ვხვდები. ჩვენ ხომ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული, რომ ბარიერი დაიწიოს და ჩვენ რომ არ აგვიღია, „ქართული ოცნება“ იმ პროცენტს გვთავაზობს ბარიერად. მე შეიძლება იმედი მქონდეს, რომ არჩევნებში 5 პროცენტზე მეტსაც მივიღებ და საბოლოო ჯამში, გავიმარჯვებ კიდეც, მაგრამ არასერიოზულია.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა „გირჩი“ პარლამენტში ერთჯერადად შესვლას და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას, მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ ის პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუ ბარიერი 0.67 პროცენტამდე დაიწევს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

„რისთვის? იმისთვის, რომ გაუგებარი თამაში ითამაშო, რომელსაც „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად თამაშობს? 0.67-პროცენტიან ბარიერს განვიხილავ არა 2024 წლისთვის, არამედ ზოგადად. 2024 წლისთვის ერთჯერადად დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ თუ ზოგადად ასე იქნება, ეს ნიშნავს, რომ გვექნება სისტემა, რომელიც გამორიცხავს ძალაუფლების უზურპაციას გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის გამო ნამდვილად ღირს პარლამენტში შესვლა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მოვლენებს წინ არ უსწრებენ.

„მოვლენებს არ ვასწრებთ, რადგან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საერთო პოლიტიკური სპექტრი დამშვიდდეს და არა ის, რომ ჩვენ ვინმესთან რამე მოვილაპარაკოთ“, – აღნიშნა მან.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმეგი ბაქრაძის ადვოკატი – ხდება მოწმეებზე ზეწოლა
შემდეგი სტატიაბეჟაშვილი – „ქართული ოცნება“ ცალკეული პარტიების სასარგებლო გადაწყვეტილებებით ცდილობს