მეგრელიშვილი – ოპოზიციონერმა კოლეგებმა ჯეროვანი პატივისცემა არ გამოიჩინეს ჩვენ მიმართ, ტექნიკურადაც, არ მომწონს არსებული დამოკიდებულებით სესიის მოწვევა

პარტია „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი განმარტავს, რატომ არ აწერს „გირჩი“ ხელს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დოკუმენტს.

მეგრელიშვილი პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერ კოლეგებს რაოდენობრივად „გირჩის“ ხმები არ სჭირდებოდათ, ამავდროულად, ამბობს, რომ სწორად არ მიაჩნიათ, როგორც იგეგმება სესია.

ვახტანგ მეგრელიშვილის განმარტებით, კოლეგებმა ოპოზიციიდან უარი თქვეს იმ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობაზე, სადაც უნდა განხილულიყო იგივე საკითხები, რაც რიგგარეშე სესიის მოწვევის მიზეზად მათ დაასახელეს. ამასთანავე, ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, არსებული პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, სესიის განმავლობაში კონსტრუქციული დიალოგი შეუძლებელია.

„ოპოზიციიდან ჩვენს კოლეგებს რაოდენობრივად ჩვენი ხმები არ სჭირდებოდათ, რომ დავხმარებოდით, თორემ რაოდენობრივი პრობლემა რომ ყოფილიყო, შეიძლება, დავხმარებოდით კიდეც, რადგან ლაპარაკზე ჩვენ არასდროს უარი არ გვითქვამს. მეორე მხრივ, ასევე არ მგონია მაინც და მაინც სწორი, როგორც იგეგმება თვითონ ეს სესია. მაგალითად, სამუშაო შეხვედრებზე ჩვენმა კოლეგებმა თქვეს უარი, რაც ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი. ამ სამუშაო შეხვედრებზე უნდა განხილულიყო იგივე საკითხები, რომლებიც ახლა პრეზიდენტთან მიმართვის დროს დაასახელეს რიგგარეშე სესიის მოწვევის მიზეზად და იქ არ მონაწილეობდნენ. ამავე დროს, რიგგარეშე სესიის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება შევთანხმდეთ, როგორ გავატარებთ 6-თვიან პერიოდს. შევთანხმდეთ მთავარ საკითხებზე და ა.შ. ჩემი აზრით, ასეთი სესიის მოწვევა შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც მართლა გაქვს წინასწარ შავი სამუშაო შესრულებული, დაახლოებით იცი პოზიციები და გინდა, რაღაცნაირად შეთანხმებას ფორმა მისცე სესიის დროს. ასეთ შემთხვევაში ეს იქნებოდა ძალიან კარგი შესაძლებლობა. მაგრამ იმ დაპირისპირების ფონზე – უნდა დაინიშნოს თუ არა ეს სესია, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, შეიძლება, ამ სესიის განმავლობაში მხარეებს შორის კონსტრქუციული დიალოგი შედგეს? ასეთი დანიშნული სესიის პირობებში ძალიან რთულია ეს ამბავი. მე ზოგადად სესიის წინააღმდეგი არ ვარ. ამავე დროს, მათ ჯეროვანი პატივისცემა არ გამოიჩინეს ჩვენ მიმართ. იმისთვის, რომ სინამდვილეში გინდოდეს ასეთი რაღაცის გაკეთება, როგორც მინიმუმ, უნდა აუხსნა შენს კოლეგებს, მაგალითად, ჩვენ უნდა აგვიხსნა, რატომ არის ერთნაირი მნიშვნელობის საკითხი მაგალითად ანტიკორუფციულ თემაზე საუბარი და მაგალითად, კონსტიტუციურ ცვლილებებზე საუბარი. კონსტიტუციური ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამ საკითხებზე არასდროს გვილაპარაკია. მე ტექნიკურადაც არ მომწონს ასეთი დამოკიდებულებით სესიის მოწვევა და ჩემი აზრით, არასწორია ზოგადად ოპოზიციას შორის ურთიერთობა და მათი კომუნიკაციის ხარისხი, იმსახურებს, რომ ის გაუმჯობესდეს, უფრო კოორდინირებული ვიყოთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – უკრაინის 2 მილიონი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს, საბუთები წაართვეს და აშინებენ
შემდეგი სტატია„ლელო“ – ევროპულმა კავშირმა გადადო განხილვა, რათა თავიდან აეცილებინა საქართველოსთვის კანდიდატობაზე კიდევ ერთხელ უარის თქმა, რაც პირდაპირი მინიშნებაა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს ივანიშვილის ოლიგარქიული მთავრობის პირობებში