„მეგობარ აქტს“ ჯერ კიდევ აქვს დრო, რეალობად იქცეს. ეს კი „ქართულ ოცნებასაც“ და რუსეთსაც აწუხებთ, რადგან რუსეთი საქართველოს ტერიტორიას იყენებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აღიაროს დანაშაული, დანიშნოს ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს.
„ღიად მივმართავთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქმედით ნაბიჯებზე გადავიდნენ. ქმედით ნაბიჯებში ვგულისხმობთ და ჩამოწერილი გვაქვს ის მთავარი მიმართულებები, რაც მნიშვნელოვანია კრიზისის განსამუხტად. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა კრიზისში შეიყვანა, დასავლეთში ინტეგრაციის შესაძლებლობა დააკარგვინა, ქვეყანაში ვიზების გაუქმების საფრთხე დადგა, გვაქვს უამრავი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რასაც ყოველდღიურად ვეცნობით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დაბრუნდეს და დასავლეთთან ურთიერთობა აღდგეს. ერთადერთი გამოსავალია, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი დანაშაული აღიაროს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ. აი, ამ მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებს ყველანაირი ფორმით ვესაუბროთ, მათ შორის ღია წერილებით.
ამ წერილშიც იყო განსაზღვრული წინააღმდეგობის ერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა საზოგადოების, პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და ქალბატონი სალომეს გარშემო. სწორედ ეს ერთობა უნდა აღიაროს დასავლეთმა, როგორც დემოკრატიის ლეგიტიმური მცველები; დაასანქცირონ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და ავტოკრატიას აფორმებენ. ამ წერილში „მეგობარი აქტიც“ არის გათვალისწინებული და წარდგენილია ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც. ცხადია, რეალურია მისი მიღება, „მეგობარ აქტს“ ჯერ კიდევ აქვს დრო, რეალობად იქცეს. ეს კი „ქართულ ოცნებასაც“ და რუსეთსაც აწუხებთ, რადგან რუსეთი საქართველოს ტერიტორიას იყენებს. ბევრი ფაქტია, რომელიც რუსეთს ასაზრდოებს, შესაბამისად, „მეგობარი აქტი“ არის ბერკეტი, რომ ეს აღარ მოხდეს“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან.


















