მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს

მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატი საუბრობს. პარალელურად, პირველი კომენტარი კეთდება ქარდავას ოჯახის მხრიდან.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მამა შვილის უდანაშაულობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის ამ დრომდე ცნობილი არ იყო.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საქართველოს მოქალაქის მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აღმკვეთი ღონისძიებების დროს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე მეგის ქარდავა, რომელიც 2012 წლიდან ძალადობრივი ხასიათის დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

ინტერპოლის მონაცემებით, დაკავებული 2002 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე და სამინისტროს თანამშრომლების დანაშაულებრივი დაჯგუფების შემადგენლობაში იმყოფებოდა, ის დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული პირების მიმართ წამების, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდებებისთვის იძებნებოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულს თან აღმოაჩნდა უკრაინის მოქალაქის ორი ყალბი პასპორტი, ასევე ლატვიისა და ბელიზის თითო პასპორტი აღმოაჩნდა. ყველა საბუთი მისი ფოტოთი სხვადასხვა სახელზე იყო გაფორმებული. მას ასევე ჰქონდა მეზღვაურის ყალბი მოწმობა, რომელსაც უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთისას იყენებდა.

ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცის რაიონის სასამართლოს დადგენილებით, დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით 40დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და დაწყებულია მისი სამშობლოში ექსტრადირების პროცედურა.

banner
წინა სტატიაშისამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის რუსთავში გადასვენების მიზეზებს განმარტავს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც