მეგი გოცირიძეს საჩხერეში სტაფილოს და თაიგულის ტარება აუკრძალეს

მეგი გოცირიძე: „დაგმე ბიძინა!“

რა სქემით აყალბებს არჩევნებს მმართველი პარტია, რატომ უნდა გააქტიურდეს საზოგადოება, რატომ თქვა თბილისის მერიამ ერთ-ერთი ქუჩისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭებაზე უარი, ვის იმედზე დარჩა “ოცნება”? -ამ თემებზე “ახალ თაობას” პარლამენტის ყოფილი წევრი, სამოქალაქო აქტივისტი მეგი გოცირიძე ესაუბრება.

_ კინაღამ გული გამისკდა, როცა ვნახე, თუ როგორ იბარებდა აღლუმს მოღალატე სალომე ზურაბიშვილი. იმ სამხედროებისგან იბარებდა აღლუმს, რომლებსაც ომის დაწყებაში დასდო ბრალი. მისი სულელური წიგნის გამო ქართველი სამხედროები შეიძლება ჰააგამ გაასამართლოს.
გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოს ეროვნული გმირი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამო, შეიძლება გიორგი და კიდევ ბევრი მისი თანამებრძოლი გაასამართლოს საერთაშორისო სასამართლომ.
იმედი მაქვს, რომ სანამ ეს მოღალატეობრივი გეგმა მოვა სისრულეში, ეს ხელისუფლება აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე.
_ გიორგი ანწუხელიძე ახსენეთ და თქვენ ითხოვდით, რომ თბილისში, ფოსტის ქუჩას დარქმეოდა მისი სახელი.
_ სიცოცხლის ბოლო დღეები გიორგიმ ამ ქუჩაზე გაატარა, აქ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ამიტომაც შევადგინეთ პეტიცია, რომ ფოსტის ქუჩისთვის მისი სახელი დაერქმიათ. როგორც კი ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ, მერია ადგა და ფოსტის ქუჩა კვეზერელის ქუჩად აქცია.
კვეზერელი ძალიან კარგი ექიმი იყო, ძალიან ბევრი ბავშვი ჰყავს გადარჩენილი, მაგრამ მისი ღვაწლი და გიორგი ანწუხელიძის თავდადება ერთმანეთისგან განსხვავდება.
სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, ასე რომ მოიქცნენ, როდის იყო, მონები გმირებს სცემდნენ პატივს. თან არც ის დაგავიწყდეთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის მონაა, გიორგი კი რუსებმა მოკლეს წამებით.
ქუჩისთვის მისი სახელის დარქმევას ვინ ჩივის, გიორგის გამზრდელი მამიდა სოციალურად დაუცველთა სიაში იყო და იქიდანაც კი ამოიღეს.
_ რატომ ამოიღეს და როდის მოხდა ეს ამბავი?
_ რამდენიმე წლის წინ. რატომ ამოიღეს და ალბათ იმიტომ, რომ სახლში ერთი ქათამი, ან კბილის ჯაგრისი უპოვეს. ეს ხომ საშინელებაა, მაგრამ ცალკე უბედურებაა ის, რომ გიორგის მამიდა სოციალურად დაუცველი იყო.
ასევე მძიმე დღეში ცხოვრობენ სამშობლოსთვის დაღუპული სხვა გმირების ოჯახებიც. რამდენიმეს შვილებს სახლიც კი არა აქვთ. სამაგიეროდ, “ოცნების” ჩინოსნები არიან კარგად და მილიონებს იპარავენ.
მაგათი ვარსკვლავი სოსო გოგაშვილი 2013 წლამდე სოციალურად დაუცველი იყო, დღეისთვის კი ის ოფიციალური მილიონერია.
_ მაგარი ყოფილა “ოცნების” ხელისუფლება. თქვენ დროს ადამიანი სოციალურად დაუცველი იყო, ამათ დროს კი მილიონერი გახდა.
_ რატომ არ გახდებოდა მილიონერი, გოგაშვილიც და სხვა მეოცნებეებიც ბიუჯეტის ძუძუთი იკვებებიან. მე ის მიკვირს, მილიარდერები როგორ არ გახდნენ. ხალხისთვის პირიდან ლუკმის გამოცლა არავის შერჩენია და არც ამათ შერჩებათ.
არ მესმის, როგორ არის მშვიდად ერი, როცა ბიძინა ივანიშვილი მიადგა და ტყეებს ანადგურებს. ქვეყანას ფაქტიურად ფილტვების გარეშე ტოვებს. არა მგონია, ამას მარტო იმიტომ აკეთებდეს, რომ ამ ხეების ადგილზე რაღაცებს აშენებს. ტყეების გარეშე სუნთქვა და არსებობა შეუძლებელია. პუტინის მონა ივანიშვილს საქართველოს განადგურება აქვს დავალებული და ამ მისიას წარმატებით ასრულებს.
ხელისუფლებაში მოსვლამდე და მის შემდეგაც ქოცები გაჰკიოდნენ, რომ სანდრა ხალხს თირკმელებს აცლის და ყიდისო. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არა აქვთ, მაინც ყვირიან, სამაგიეროდ ხმას არ იღებენ, ბიძინამ მთელ ქვეყანას რომ გადაუკეტა ფილტვები.
ჯერ ისტორია გაგვინადგურა, საყდრისი აგვიფეთქა და ახლა დავითგარეჯს ასხვისებს. ამის პარალელურად ფიზიკურადაც გვანადგურებს. გავიძახით, რუსეთში შევყავართო. რად გვინდა შეყვანა, რუსეთი აქ არის უკვე შემოსული.
მინისტრებად რუსეთის მოქალაქეები არიან, პრეზიდენტიც მოსკოვმა დაგვისვა, ივანიშვილი კი პუტინის პირდაპირი წარმომადგენელია. მეტი მტკიცებულება რაღა გინდათ იმის სათქმელად, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდა.
დღეს საქართველო სახელმწიფო აღარ არის და ჩვენ ის გვიკვირს, ნაციონალებმა არჩევნები როგორ წააგესო.
_ “ოცნება” ამბობს, რომ ხელისუფლება კიდევ ბევრ არჩევნებს მოიგებს.
_ მოგებით არც შუალედური არჩევნები მოუგიათ, მაგრამ მოიპარეს. არჩევნების წინ ზუგდიდში ათასობით ადამიანი ჩაწერეს, ყველა საჯარო მოხელე და ყველა რაიონის პოლიციის უფროსი იქ იყო, ყველაფერი იკადრეს, მაგრამ 54%-ზე მეტი მაინც ვერ აიღეს.
ადრე თუ გვიან, “ოცნება” შეიცვლება და სხვა დანაშაულებთან ერთად ზუგდიდში 12.000 ადამიანის გადაწერის გამოც აგებენ პასუხს. ხალხის ზუგდიდში გადაწერის ოპერაციას თამარ ჟვანია და თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდნენ. თეა წულუკიანი ბეჭდავს ყალბ პირადობის მოწმობებს.
როგორ შეიძლება არჩევნების მოგებაზე ილაპარაკო, როცა ისიც კი არ ვიცით, რამდენი ამომრჩეველია საქართველოში. რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, აღწერა არ ჩატარებულა. არც ჩაატარებენ და ამის წყალობით კვლავ გააყალბებენ არჩევნებს.
_ თქვენი საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შეეგუეთ არჩევნებში მუდმივ დამარცხებას.
_ დამარცხებულები ეგენი არიან. მთელ სახელისუფლებო რესურსს რომ გამოიყენებ და მხოლოდ 54%-ს აიღებ, ეს უკვე მარცხია. რაც შეეხება არჩევნებს, საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე აღარ ჩატარებულა. ივანიშვილმა არჩევნები უბრალოდ მოიპარა, გააქრო. დაიმახსოვრეთ ისიც, რომ საქართველოში არჩევნები არჩევნებამდე ყალბდება. არჩევნებზე კი არასდროს არაფერს ვთმობთ.
ახლა ამ ბრძოლაში ეკა ბესელიაც შემოგვიერთდება, რომელმაც თავისი პარტია შექმნა და სამართლიანობისთვის აპირებს ბრძოლას.
_ მასთან თანამშრომლობას აპირებთ?
_ როგორ უნდა ვითანამშრომლო ბესელიასთან. ჩატაევი, სხვა ტერორისტები და სამშობლოს მოღალატეები გამოუშვა ციხიდან.
ცოტნე ბაკურიამ, რომელიც ახლა ამერიკაშია, რამდენიმე წლის წინ ღია ეთერში დარეკა და თქვა, ბესელიამ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ პოლიტდევნილთა სიაში ჩაწერა შემომთავაზაო.
ამ შეთავაზების პასუხად ბაკურიას უთქვამს, არანაირი პოლიტდევნილი არ ვარ, საქართველოში ნებისმიერ დროს შემიძლია დაბრუნებაო.
_ ბესელია ახსენეთ და თქვენი აზრით, მისი პარტია მართლა ოპოზიციური ძალაა თუ მის უკან ივანიშვილი დგას?
_ პირადად ივანიშვილი არ ვიცი, მაგრამ ამ ქალის პარტიის უკან რაღაც ძალა დგას.
_ ეს ძალა “ოცნებასთან” ასოცირდება?
_ რა თქმა უნდა. ოღონდ თავად “ოცნებაშიც” არ იციან, ვინ საით არის. ოლიგარქის ბანაკში საშინელი დაპირისპირებაა. პრაქტიკულად ივანიშვილთან აღარავინ აღარ დარჩა.
კარგად შევისწავლე მის გვერდში დარჩენილი ხალხი და საინტერესო დასკვნამდე მივედი, ბიძინასთან მარტო ყოფილი ნაცები დარჩნენ.
_ თავად ივანიშვილიც ყოფილი ნაცი არ არის?
_ რა თქმა უნდა. იმ სისხლიან 9 წელზე რომ ლაპარაკობენ ბევრს, ის 9 წელი ივანიშვილი ნაციონალების გვერდით იდგა. ჩვენ თუ ვსვამდით სისხლს, ეგაც დალევდა, თან ბევრად მეტს.
_ ბევრად მეტს რატომ?
_ იმიტომ, რომ ეგ იყო ჩვენი დამფინანსებელი და სისხლის ყველაზე დიდი წილი მას შეხვდებოდა. ახლა ივანიშვილი ყოფილი ნაციონალების და მურუსიძის ამარაა დარჩენილი.
_ ეგ უკანასკნელიც ხომ თქვენი კაცი იყო?
_ მასთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი მოსაზრება. მურუსიძე ხშირად ამბობს, რომ ჩემთვის ნაციონალებს არასდროს უთქვამთ რა უნდა გამეკეთებინაო. ეს ადამიანი ამ შემთხვევაში სიმართლეს ამბობს
_ მურუსიძის არავის სჯერა და თქვენ რატომ დაიჯერეთ?
_ მე უშუალოდ მურუსიძის კი არ მჯერა, არამედ მჯერა იმის, რომ მისთვის ნაციონალებს არაფერი დაუვალებიათ.
ეს ადამიანი ჩვენმა საზოგადოებამ გირგვლიანის საქმით გაიცნო. მთელი ეს წლები გვესმოდა, რომ მურუსიძემ გირგვლიანის საქმეზე ის განაჩენი გამოიტანა, რაც ნაციონალებს უნდოდათო.
მეშვიდე წელია ხელისუფლებაში `ქართული ოცნებაა~ და ეს საქმე თავიდან არ გამოუძიებიათ. მურუსიძის გადაწყვეტილება არ გადაუხედიათ. მეტსაც გეტყვით, დღემდე არ ვიცით, რა ვითარებაში მოკლეს სანდრო გირგვლიანი.
დედამისი, ირინა ენუქიძე გაიძახოდა, რომ ოლეგ მელნიკოვი იყო მისი შვილის მკვლელი. არ გაინტერესებთ, სად არის დღეს მელნიკოვი? სად არის და ქოცაქტივისტია.
სანდრო გირგვლიანი 13 წლის წინ მოკლეს. მის მკვლელობის საქმეს გადაჰყვა რეალურად ნაციონალური მოძრაობა. ახლა მე ვკითხულობ, ვინ მოკლა სანდრო გირგვლიანი. გირგვლიანის სისხლზე მოსულ `ოცნებას~ ვეკითხები, რატომ არ არიან დასჯილი იმ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელები.
_ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ნაციონალები სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასჯას მოითხოვდით. და თქვენგან ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ მურუსიძეზე დადებითს იტყოდით.
_ მურუსიძეზე დადებითს არასდროს ვიტყვი. უბრალოდ ის დავიჯერე, რომ მისთვის გირგვლიანის საქმეზე ნაციონალების ხელისუფლებას მითითებები არ მიუცია.
როგორ შეიძლება მე იმ სასამართლოს წარმომადგენელზე ვთქვა კარგი, რომელმა სასამართლომაც სტაფილოს და თაიგულის ტარება ამიკრძალა.
_ რას ნიშნავს თაიგულის და სტაფილოს ტარება აგიკრძალათ?
_ რას და აკრძალვას. სასამართლომ ოფიციალურად ამიკრძალა, რომ თაიგული და სტაფილო ვატარო.
_ ხუმრობთ?
_ როგორ გეკადრებათ. თუ არ ვცდები 2 წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ცუდად იყო. მაშინ მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად საჩხერეში წავედი და მისი მშობლიური ჭორვილაც მოვინახულე.
ივანიშვილის სახლის ჭიშკართან თაიგული და სტაფილო დავტოვე. ჭორვილადან საჩხერეში შევიარეთ, ბაზარში უნდა დაგვერიგებინა გაზეთები. გოგოები მანქანაში დავტოვე და ბაზარში მარტო წავედი.
უკან დაბრუნებულს მანქანასთან ასეთი სურათი დამხვდა _ უამრავი ზონდერი დასეოდა ჩემს თანამოაზრეებს. ეგრევე ჩავერიე დაპირისპირებაში და პოლიციაც გამოვიძახე. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეები დაეკავებინათ, მე დამაკავეს. ამ ინციდენტზე `ახალი თაობაც~ წერდა.
პოლიციამ სასამართლოში მიმიყვანა და იქ მოსამართლე ყიფიანმა გამოიტანა განაჩენი. მან ამიკრძალა სტაფილოს და ყვავილების თაიგულის ტარება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ განაჩენის გამოსატანად 40 წუთი თათბირობდა.
_ მას შემდეგ სტაფილოს და თაიგულს აღარ კიდებთ ხელს?
_ ასე მიცნობთ? მოსამართლე ყიფიანმა სტაფილოს და თაიგულის ტარება საჩხერის ტერიტორიაზე ამიკრძალა. მეორე დღესვე სტაფილოთ ჩავედი საჩხერეში, მაგრამ ჩემი დაკავება ვერავინ გაბედა.
რომელიმე პარტიის წევრი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება ეს არ გამეკეთებინა, მაგრამ მე ვარ სამოქალაქო აქტივისტი და თავისუფლად ვმოქმედებ.
_ ნაციონალი არ ხართ?
_ პარტიის წევრი არა, მაგრამ მათი აქტიური მხარდამჭერი ვარ. მიმაჩნია, რომ ახლა სამოქალაქო აქტივისტების გააქტიურების დროა. ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა და ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება.
ჩვენს სამეზობლოში ხომ ხედავთ რა ხდება? ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა _ პაშინიანმა საოცრება გააკეთა. საქართველოშიც შეიძლება იგივეს გაკეთება. თან ამისთვის სათანადო ნიადაგი უკვე შექმნილია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქ მოვლენები პაშინიანის სცენარით განვითარდება.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს კეთილდღეობას და მშვიდობას ვუსურვებთ
შემდეგი სტატიაორივეს დაგამხობთ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით