მედვედევი – 2008 წლის ომი არ ყოფილა რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების დასაწყისი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, რომელიც 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, 2008 წლის კონფლიქტი არ ყოფილა რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების დასაწყისი – მომდევნო წლების განმავლობაში ნარჩუნდებოდა კონტაქტები და სხვადასხვა საკითხებზე პროდუქტიული განხილვები მიმდინარეობდა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ეწოდოს რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაციების დასაწყისი, მედვედევმა უპასუხა, რომ არა. „არ შეიძლება უბრალოდ იმიტომ, რომ პირობითად, კოლექტიურმა დასავლეთმა, გერმანიამ და ჩემი შეხედულებით, კანცლერმა ანგელა მერკელმა იმ პერიოდში დიდი სიბრძნე გამოიჩინა იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ დაენგრია“ – აცხადებს მედვედევი.

ის მიიჩნევს, რომ მაშინ მომხდარი „ის ტრიგერი გახდა, რომელმაც აამუშავა შეუსაბამობის მექანიზმი რუსეთსა და ევროკავშირს შორის“.

ანგელა მერკელთან 2008 წლის 15 აგვისტოს სოჭში გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას, მედვედევმა განაცხადა, რომ მათი შეფასებები, რა თქმა უნდა, არ დაემთხვა. „თუმცა, მე როგორც მივხვდი, მერკელიც და პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ ჩვენ არ ვიყავით მთელი ამ მოვლენების ინიციატორები და რომ საუბარი მიდიოდა მართლაც საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან თავდასხმაზე, უფრო სწორად, გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ავანტიურაზე, რომელიც მან ჩაიდინა ამერიკელების რჩევის შემდეგ, 2008 წლის ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში, რის გამოც ის დაისაჯა. თუმცა, შემდგომ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მომიწია მიმეღო გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალა გამომეყენებინა, ჩამეტარებინა სპეციალური საჯარისო ოპერაცია, არამედ შემდეგ საქართველოს ეს ორი ნაწილი გვეღიარებინა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტები“ – აცხადებს მედვედევი.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე გახარიაზე – „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას
შემდეგი სტატიაადამიანების დაშავებაში მთავარი დამნაშავე არის ნიკანორ მელია – კობახიძე