მედიკამენტების ფასები – მითი და რეალობა?!!

მედიკამენტების ფასები - მითი და რეალობა?!!

მედიკამენტების ფასები - მითი და რეალობა?!!ეს წერილი არ დაიწერებოდა, რომ არა რამდენიმედღიანი გულისგამაწყალებელი მოკლე ტექსტური შეტყობინება ჩემს (და ალბათ თქვენს) ტელეფონზე: ავერსის მედიკამენტები გაიაფდა… და გაიაფებული წამლების ძალიან მოკლე ჩემონათვალი.
რა, რატომ, როგორ და რის გამო გაიაფდა ან გაძვირდა, ეს სხვა თემაა, მთავარი კითხვა – თუ დღეს შეიძლებოდა რამდენიმე (თუნდაც) მედიკამენტის გაიაფება, რატომ არ მოხდა ეს გუშინ ან რა იყო „ავერსის“ (და არა მხოლოდ) რამდენიმე წლის წინანდელი „მტკიცებულებები“ იმის შესახებ, რომ თურმე ძალიან უნდათ წამლები გააიაფონ, მაგრამ, აი, არ გამოდით, შეუძლებელია და ა.შ. საილუსტრაციოდ მინდა მოვიყვანო ჯერ კიდევ 2010 წელს „ავერსის“ გავრცელებული განცხადებიდან ამონარიდი: „მაგ: “ბაუმეს” ფასი არის – 6.95 ლარი, “ადაპტოლი” – 8.94 და 13.5 ლარი, “აისოლი” – 27 ლარი და ა.შ. ამავე დროს პრაის ლისტისა და სააფთიაქო ქსელში არსებული ფასები ხშირად განსხვავებულია ხოლმე. სინამდვილეში დღეისათვის “ავერსი-რაციონალის” მიერ წარმოებული პრეპარატი “აისოლი” “ავერსის” აფთიაქებში 28.70 ლარი ღირს. იგივე პრეპარატის ფასი “პე-ეს-პე”-ში – 28.85 ლარია. “ადაპტოლის” ფასი “ავერსში” 14.37 ლარია – ,,პე-ეს-პე”-ში კი 14.46 ლარი, რაც შეეხება “ბაუმეს”, “ავერსში” იგი შეგიძლიათ 7.40 ლარად შეიძინოთ, “პე-ეს-პე”-ს ფასი კი 7.42 ლარია. ამასთან, “ავერსის” მთელ რიგ აფთიაქებში მოქმედებს ნებისმერ მედიკამენტზე 22%-იანი ფასდაკლება. ასე რომ ზემოთ აღნიშნულის და სხვა უამრავი პრეპარატის შეძენაც “ავერსში” საკმაოდ დაბალ ფასადაც შეუძლია მომხმარებელს.სხვათა შორის კვლევაში ისიც არის აღნიშნული, “ავერსს”, “პე-ეს-პე”-სა და “ჯი-პი-სი”-ის ფასები თითქმის იდენტურია“… ეს განცხადება „ავერსმა“ გააკეთა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის კვლევის შედეგები. ფასებს შორის ცვლილებებს ხედავთ და ეს სასაცილოა თუ სატირალი თავად შეაფასეთ.
ქართული ფარმაცევტული ბიზნესი, სადაც სამად სამი კომპანია – ავერსი, პე-ეს-პე და ჯი-პი-სი დომინირებს… მათი მოქმედების ზონა საქართველოს 70%-ს მოიცავს, დანარჩენი 30% იმ უბრალო მიზეზით ვერ აითვისეს, რომ ეს ტერიტორიები სახელმწიფოს დაკარგული აქვს.

რა ხდებოდა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე? დავიწყოთ მთავარით, წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად ავერსი-ფარმას და პე-ეს-პეს უწევს თავის მართლება, რომ ისინი მონოპოლისტები არ არიან. ავერსის პიარსამსახურის წარმომადგენელმა არაერთხელ განაცხადა ოფიციალურად: „არა მაქვს იმის შესახებ ინფორმაცია თუ ბაზრის რა პროცენტს ვფლობთ ჩვენ. მოსაზრებას, რომ ავერსი მონოპოლისტი კომპანიაა ნამდვილად არ ვეთანხმები.“ დაახლოებით იგივეს აცხადებს პე-ეს-პეს პიარი: „ჩვენ ბაზრის 22%-ს ვფლობთ, აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება მონოპოლისტები ვიყოთ? შეიქმნას ანტიმონოპოლიური სამსახური და დაარეგულირებს ვითარებას“.
მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფუნქციონირებენ სპეციალური სამსახურები, რომლებიც ზედამხედველობას უწევენ ფარმაციულ საქმიანობას. 2004 წელს, ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე თვეში, ფარმაცევტული დეპარტამენტის, ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექციის, ფარმაკოპეისა ფარმაკოკოლოგიის კომიტეტების, ნარკოტიკების რეგალური ბრუნვის ინსპექციის გაერთიანება მოხდა და შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „წამლის სააგენტო“, რომელმაც ისე იმუშავა, რომ ფარმაცევტული კომპანიები აშკარად გააღიზიანა. შედეგად 2008 წელს„წამლის სააგენტო“ სანაგვეში მოისროლეს.
საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო არ ერევა ფარმაცევტულ ბაზარზე სამკურნალო საშუალებების ფასთა წარმოქმნისა და რეგულირების პოლიტიკაში, რაც არის მედიკამენტებზე არსებული კატასტროფული ფასის მიზეზი. დღემდე დაუდგენელია
იმპორტის შემდეგ რამდენი პროცენტის მომატების უფლება აქვს საბითუმო რეალიზაციისას და რამდენი პროცენტის – საბითუმოდან საცალოდ რეალიზაციისას. თითქმის, ყველა ქვეყანაში დიფერენცირებულია საბითუმო და საცალო ფასები, საქართველოს გარდა.
ფარმაცევტული საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანო არ არის უფლებამოსილი დაადგინოს მედიკამენტების თვითღირებულება. კანონი მხოლოდ საბითუმო რეალიზაციას ეხება და ერთი სიტყვითაც არ ეხება საცალო რეალიზაციას. ექსპერტები
ვარაუდობენ რომ სწორედ ეს ხარვეზი გახდა ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიზაციის, უფრო სწორად ტრიპოლიზაციის (ავერსი, პე-ეს-პე, ჯი-პი-სი) მიზეზი.
ქართულ სინამდვილეში დამკვიდრდდა ტერმინი წვრილ-საბითუმო ვაჭრობა (როგორც წესი, ვაჭრობა არის საბითუმო და საცალო) მონოპოლისტებს მიეცათ საშუალება შთაენთქათ წვრილი მეწარმეები – მსხვილმა კომპანიებმა საცალო მომხმარებელზე (პაციენტებზე) დაიწყეს სამკურნალო საშუალებების იმ ფასად გაცემა, რა ფასადაც გასცემდნენ აფთიაქებზე. წვრილი აფთიაქები გაკოტრდნენ, ისინი ფინანსურად სრულ დამოკიდებულებაში აღმოჩნდნენ ამ კომპანიებთან და იძულებულნი გახდნენ თავისი ქსელები უკვე გიგანტი კომპანიებისათვის გადაეცათ „ამჟამად ბაზარზე დარჩენილი აფთიაქების უმრავლესობა იძულებულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოაგვაროს თავისი ფინანსური პრობლემები. კერძოდ: კონტრაბანდული გზით სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, ფსიქორტოპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა, არარეგისრტირებული სამკურნალო საშუალებების
ბრუნვა და ასე შემდეგ”, – აცხადებს ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას ასოციაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატეს“ ხელმძღვანელი მარინა ბერაძე.

დასავლეთში საცალო ქსელის გახსნის უფლება არ აქვთ საბითუმო ქსელის მეპატრონეებს. საქართველოში კი პირიქითაა – საბითუმო და საცალო ქსელები ჯი-პი-სის, ავერსისა და პე-ეს-პეს მფლობელობაშია, მათივე კუთვნილებაა ფარმაციული წარმოებები, სამკურნალო დაწესებულებები და სადაზღვევო კომპანიები. აქ კომენტარი ზედმეტია…

ფარმაციაში არსებულინ მონოპოლიის მსგავსად ექსპერტები სადაზღვევო სექტორში
მონოპოლიზაციის საფრთხეზე საუბრობენ. „გამოდის რომ თვითონ იხდის, თვითონ მკურნალობს, თვითონვე ამოწმებს, წამალსაც თვითონ ამზადებს და ბოლოს, ყველაფერ ამას თვითონვე ამოწმებს? დაუშვებელია ერთი და იმავე ბიზნესჯგუფის ხელში მოექცეს წამლის წარმოება, მისი დანიშვნა, მკურნალობა, ანაზღაურება და ბენეფიციარის მკურნალობის ხარისხის კონტროლიც“, – ეს განცხადება ექსპერტმა თინა ტურძელაძემ 2011 წელს გააკეთა. ეს განცხადებაც ამ პერიოდშია გაკეთებული: „ხშირად ავერსის ხელმძღვანელობა საზოგადოებას უმტკიცებს, რომ კომპანია ზრუნავს ხალხზე ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების თვალსაზრისით, მაშინ როდესაც „ავერსი
რაციონალის“ მიერ წარმოებული სამკურნალო საშუალებები გაცილებით იაფი ღირს სომხეთის ფარმაცევტულ ბაზარზე, ვიდრე საქართველოში. საქართველოს ბაზარზე კი გაცილებით ძვირი ღირს იმპორტირებული სამკურნალო საშუალებები, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში, „ავერსი რაციონალში“ წარმოებული: „მელონის“ სიროფი სამი წლის წინ საქართველოში ღირდა დაახლოებით 5,80 ლარი, სომხეთში- 1000 დრამი, ანუ 2,70 ლარი. „მელონი“ 30 აბი, საქართველოში – 5,40 ლარი, სომხეთში – 1037 დრამი, ანუ 2,76 ლარი. „ეფექტი ფლუ“ 10 კაფსულა, საქართველოში – 3,81 ლარი, სომხეთში – 725 დრამი, ანუ 1,93 ლარი.
ჯი-პი-სის სააფთიაქო ქსელში: „სანდოსტატინი“ მწარმოებელი „NOVARTIS PHARMA“ – საბერძნეთში 1 მლ/გრ. 5 ამპულა ღირდა დაახლოებით 104 ლარი, საქართველოში იგივე
დოზით იგივე პრეპარატი – 214,90 ლარი. „დუფაატონი“ 10 მლ/გრ 20 აბი, მწარმოებელი „SOVLAY PHARMA“, მწარმოებლის ფასი იყო 2,37 ევრო, ქსელში გასაყიდი ფასი 3,49 ევრო, რაც დაახლოებით იმ დროისათვის 11,58 ლარი იყო. ეს პრეპარატი საქართველოში ღირდა 31,72 ლარი ანუ, გასაყიდ ფასზე სამჯერ მეტი. „სირდალუდი“ 2 მლ/გრ 30 აბი, მწარმოებელი „NOVARTIS PHARMA“, ევროპაში წამლის ფასია 2,56 ევრო, ქსელში გასაყიდი 3,73 ევრო ანუ, დაახლოებით 8,6 ლარი. საქართველოში ეს პრეპარატი ღირს გასაყიდ ფასზე სამჯერ მეტი – 16,50ლარი.
იმპორტირებულ წამლებზე კოლოსალურ ფასნამატებს კომპანიები საგადასახადო ხარჯებსა და ვალუტის კურსის ცვლილებას აბრალებენ. ამის პასუხად ორგანიზაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატე“-მ 2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩაატარა ე.წ. საკონტროლო შესყიდვები და თბილისის სხვადასხვა უბანში შეიძინა წამლები: „მივიღეთ უცნაური სურათი. ავერსის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, ძალიან ზრუნავს გლდანის და ვარკეთილის მოსახლეობაზე. ამ უბნებში სამკურნალო საშუალებები 22%-ით იაფი ღირდა, ვიდრე ვაკე-საბურთალოს რაიონში. ამასთანავე, ავერსი თვითნებურად ცვლიდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის კურსს საცხოვრებელი უბნების მიხედვით, რითაც აღწევდა მისთვის სასურველ, ასე ვთქვათ „კანონიერ“ ფასებს.
სხვათა შორის, ფასდაკლება არ აისახებოდა მედიკამენტების ჩამონათვალში. ჩვენ ხელთ გვაქვს ავერსის ღირებულების ფურცლების რამდენიმე ამონაბეჭდი: 16.04.2010 წელი, ავერსის გლდანის აფთიაქში დოლარის კურსი იყო 1.635, საბურთალოზე – 1,75, ვარკეთილში – 1,635. ავერისის რუსულენოვან ღირებულების ფურცელზე, სომხებისთვის, დოლარის კურსი ნაჩვენებია 1,65. ამ მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენად დიდ რესურსს ფლობს ავერსი მედიკამენტებზე ფასთწარმოქმნაში… ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით „ავერსი რაციონალის“ ფარმაცევტულ წარმოებაში არ ჩატარებულა არანაირი შემოწმება, ასევე გრძელდება დღესაც რეგულირების სააგენტოს მიერ“.

banner
წინა სტატიაშინატო: რუსეთის ავიადარტყმები სირიაში მშვიდობიან პროცესს ხელს უშლის
შემდეგი სტატია“წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით გავასაჯაროებ გარკვეულ მიმოწერას” – ბაია გადაბაძე