მედიის მორიგი შეზღუდვა

კანონპროექტის თანახმად, “აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება”.

ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.

“წარმოდგენილი ცვლილებებით შეიზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). აგრეთვე, შეიზღუდება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. წინამდებარე კანონპროექტით ზუსტდება მაუწყებლების მიერ სოციალურ რეკლამაში პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების დაუშვებლობა”, – წერია დოკუმენტში.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მედიის შემზღუდავ ცვლილებებს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში.
ამასთან, ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაუშვებელი იქნება.

კანონპროექტის თანახმად:

ა) როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და ამასთანავე, ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად;

ბ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხებზე სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, როდესაც სხვა გზით შეუძლებელია იმ დამოკიდებულებისა თუ შეხედულების გამოვლენა, რომელიც კვლევის საგანია;

გ) კომედიური და გასართობი პროგრამების მოსამზადებლად, სადაც ფარული ჩაწერა ერთ-ერთი ჩვეული მეთოდია, იგი არ წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას და არ იწვევს მნიშვნელოვან გაღიზიანებას, დაძაბულობას ან უხერხულობას. გასართობ და კომედიურ პროგრამებში ფარული მეთოდებით მოპოვებული მასალა ჩაწერილი პირის/პირების თანხმობის გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული. თანხმობა არ არის საჭირო, თუ შეუძლებელია ასეთ მასალაში აღბეჭდილი პირის/პირების იდენტიფიცირება.

გარდა ამისა, როგორც პროექტში წერია, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მაუწყებლის მიერ ფარული ჩაწერა უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით – მათ შორის საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება.

“ფარული მეთოდებით მასალის გადაღება ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეოკამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია”.

გარდა ამისა, ფარული მეთოდებით გადაღებული ან ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელია, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია.

“მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, ზარის მიზანი განუმარტა და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის.

დაუშვებელი ხდება ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას. ეს წესი არ მოქმედებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას”, – წერია პროექტში.

ჩვენი ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ-მედიას არ ეხება. დამატებითი გამოწვევა არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დამატებით გაჩნდა ინფორმაციის წყაროები და ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმებიდან და ონლაინმედიებიდან, არის გამოწვევა და რეალურად, საზოგადოება ინფორმაციის დიდ ნაწილს ამ მედიებიდან იღებს. ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ინტერესი დაცული იყოს, როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის კუთხითაც. აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს“,-ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი პარლამენტში არჩილ გორდულაძე კომიტეტის სხდომაზე, სადაც მედიის კანონში ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირეს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ჩვენი ტერიტორიები და ჩვენი ღირებულებები არ იყიდება
შემდეგი სტატიაგორდულაძე: ცვლილებები ონლაინ მედიას არ ეხება, შეგვიძლია ვიმუშაოთ ამის რეგულირებაზე