მედიაში ცილისმწამებლური განცხადებები ხშირია, არ უნდა იყოს ეს სისხლის სამართლის დევნის საკითხი? – ინჯია მოსამართლეობის კანდიდატს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს ჰკითხა, უნდა გახდეს თუ არა ცილისწამება სისხლის სამართლებრივი დევნის საგანი. მისი აზრით, დღეს მედიაში ცილისმწამებლური განცხადებები ხშირია.

“დღეისთვის ხშირია ცილისმწამებლური განცხადებები პრესაში, მედიაში, როგორ მიგაჩნიათ თქვენ, უნდა იყოს თუ არა ცილისწამება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საგანი, რადგან ცილისწამებამ შეიძლება მიაყენოს მორალური ზარალი, მიიყვანოს თვითმკვლელობამდე, დაინგრეს ოჯახი, მოკლედ მიპასუხეთ უნდა იყოს თუ არა? კი თუ არა?”, – მიმართა ინჯიამ მოსამართლეობის კანდიდატს.

გენადი მაკარიძემ აღნიშნა, რომ საკითხზე “კის” ან “არას” თქმა გაუჭირდება, რადგან ასეთმა მიდგომამ შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში პრობლემები შექმნას.

“სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნას ამ საკითხთან, ამიტომ ჯობია, ბევრი დისკუსიები გაიმართოს”, – თქვა მაკარიძემ.

ამის შემდეგ ინჯიამ კანდიდატს კითხვით კიდევ ერთხელ მიმართა: “ეს არის ის, რაც სჭირდებათ, რომ გამაგრდეს ის პოზიცია, რომ არ უნდა იყოს ცილისწამება [დასჯადი] მე გეკითხებით თქვენ, შეიძლება მიიყვანოს ოჯახის დანგრევა, კაცმა თავი მოიკლას, ეს არ უნდა იყოს სისხლის სამართლის დევნის საკითხი? თავისუფლებამ კაცი უნდა მოკლას? 51% საით არის, უნდა იყოს თუ არა”.

დეპუტატს მოსამართლეობის კანდიდატმა ასე უპასუხა: “ქართული კანონმდებლობა ცილისწამებასთან მიმართებაში პასუხისმგებლობას იცნობს, ამ ტიპის დავები არაერთი განიხილება სასამართლო სისტემაში, ვფიქრობ, რომ ამ ეტპაზე და ამ მოცემულობით რაც არის, სავსებით საკმარისია”.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი – რაც სააკაშვილის საქმეზე ვნახეთ, მიმაჩნია, რომ ომბუდსმენმა პოზიტიური წვლილი შეიტანა
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფში თავს ვერ ვხედავ და ასეთ პროცესში მონაწილეობა სწორად არ მიმაჩნია