აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანიების CNN-ის, MS NOW-ისა და გამოცემა Politico-ს წარმომადგენლებს თეთრ სახლში დაშვება აუკრძალა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მედიასაშუალებების მხრიდან „მუდმივად ყალბი რეპორტაჟების გავრცელებით“ არის განპირობებული.
შეზღუდვის თანახმად, ჟურნალისტებს თეთრ სახლში მდებარე სამუშაო სივრცეებზე წვდომა აღარ აქვთ. გარდა ამისა, CNN-სა და MS NOW-ს ეკრძალებათ საკუთარი ტელეაღჭურვილობის გამოყენება და კამერების ტერიტორიაზე განთავსება. ტრამპის თქმით, შავ სიას მომავალში სხვა მედიასაშუალებებიც დაემატებიან.
„თეთრი სახლი თავისუფალ პრესაზე თავდასხმას არ ახორციელებს, ეს არის ის, რასაც მე ვაფასებ. თეთრი სახლი ებრძვის ყალბ ამბებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს სიმსივნესავით მოედო. ის არის კორუმპირებული, მიზანმიმართული, ყოვლისმომცველი, სრულად კოორდინირებული და აბსოლუტურად უმართავი. ის საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და ახლავე უნდა შეჩერდეს“, — დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ სიცრუის გავრცელების შესაძლებლობა, როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტს, მის ადმინისტრაციასა თუ მთლიანად ქვეყანას.
CNN-ის ცნობით, აკრედიტაციების ჩამორთმევის შემდეგ, სამივე საინფორმაციო საშუალება — CNN, MS NOW და Politico — აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცული უფლებების დასაცავად და თეთრ სახლში წვდომის აღსადგენად სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.








