მედიაომბუდსმენი: მოვუწოდებთ შსს-ს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა

ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

მედიაომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა, ამასთან, მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.

საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.

დაარტყეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს.

ასევე, გადაღების დროს ხელი შეუშალეს და ფიზიკურად იძალადეს „მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეზე. მას რამდენიმე პოლიციელი დაუპირისპირდა, დაუმტვრიეს კამერა.

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს, სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ „ნეტგაზეთის” კორესპონდენტს გივი ავალიანს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკავეს მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე, სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკას ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.

banner
წინა სტატიაშიწილოსანი: ზურაბიშვილი, ფაქტობრივად, ავტორიტარი პრეზიდენტის სიმბოლოს ჩამოყალიბდა
შემდეგი სტატიაგვარამია: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით