მედიაკოალიცია აზარტულ თამაშებზე კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვას უარყოფითად აფასებს

კოალიცია მედიას ადვოკატირებისთვის უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

“საგანგაშოდ მიგვაჩნია ის გარემოებაც, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე არ არის სათანადოდ შეფასებული. არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ საკითხის გამოკვლევა კანონპროექტის სრულფასოვანი განხილვის გარეშე წარმოუდგენელია”. – წერს კოალიცია მედიას ადვოკატირებისთვის.

ორგანიზაციის შეფასებით, კანონპროექტის მომზადების პროცესში არ არის გავლილი კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან, ამასთანავე – კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები.

“კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და ერთ დღეში მისი ორი მოსმენით მიღება გამორიცხავს სრულფასოვან საპარლამენტო განხილვას, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარდგენას და კანონპროექტის დახვეწას. აღნიშნული პროცედურები პრინციპულად მნიშვნელოვანია ინიციატივებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების გამოწვევა შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტისა და მედია სექტორისთვის”. – ვკითხულობთ კოალიცია მედიას ადვოკატირებისთვის შეფასებაში.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე ომიკრონზე: ვირუსს ვერ იჭერს საზღვრები
შემდეგი სტატიასააკაშვილი მამუკა ჩხიკვაძის გატაცებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს