თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთმა რუსეთისგან ნაყიდი S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ სახელმწიფოს მიჰყიდა.
მედიის ცნობით, შეთანხმების საბოლოო დეტალები 9 ივლისს დამუშავდა, ხოლო დარჩენილი საკითხები შუაღამემდე ოფიციალურად მოგვარდა. მოსალოდნელია, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყიდვის შესახებ ოფიციალურად დღეს გამოცხადდება.
თურქეთის მიერ 2019 წელს რუსული თავდაცვის სისტემის შეძენამ ანკარასა და ვაშინგტონს შორის მწვავე უთანხმოება გამოიწვია, რის გამოც აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა და მეხუთე თაობის გამანადგურებლების, F-35-ის პროგრამიდან გარიცხა.
ნატო-ს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, იგი თურქეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს.















