მედია – თურქეთი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხზე მესამე სამიტს უმასპინძლებს

უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე მესამე სამიტის გამართვა თურქეთში იგეგმება, – ინფორმაციას Bloomberg -ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს, სტამბულში გაიმართება და მისი მონაწილეები უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზებს განიხილავენ. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ „შეზღუდული რაოდენობის ოფიციალური პირები“, მათ შორის, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი.

მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ შეხვედრას ჩინეთის წარმომადგენელიც დაესწრება, თუმცა მტკიცე შეთანხმებები, ჯერჯერობით, არ არსებობს.

Bloomberg-ი წერს, რომ უკრაინელი და დასავლელი ოფიციალური პირები შეეცდებიან დაარწმუნონ ისეთი ქვეყნების ხელმძღვანელობა, როგორიცაა ბრაზილია და ინდოეთი, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ, ძირითადად, ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ, რომ მოსკოვის პოლიტიკას დაუპირისპირდნენ.

მოკავშირეები დაგეგმილ სამიტს განიხილავენ, როგორც შესაძლებლობას იმისთვის, რომ აღნიშნულ ქვეყნებს თავიანთი პოზიცია პირდაპირ აუხსნან.

გამოცემის ინფორმაციით, თურქეთში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის განხილვაც შედის. შეგახსენებთ, მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა საუდის არაბეთსა და დანიაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა მამუკა მამულაშვილზე ძებნა გამოაცხადა
შემდეგი სტატიაჩუგოშვილი ტურავას – ისე მომმართავთ, თითქოს რაღაც დამაკნინებელი ფორმით ცდილობთ, რომ ჩემი პოზიცია დააფიქსიროთ და ეს ჩემთვის მიუღებელია – თუ შეიძლება, თანაბარი მოპყრობა გამოიჩინეთ