მეცნიერები: ფუტკრებს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეუძლიათ

დედა ფუტკარს ისეთი მათემატიკური მოქმედებების შესრულება შეუძლია, როგორიც არის მიმატება და გამოკლება – ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა. იმის მიუხედავად, რომ ფუტკრის ტვინში მხოლოდ მილიონი ნეირონია, მათ შეუძლიათ მათემატიკური მნიშვნელობები შეითვისონ და გამოთვლები გააკეთონ, მაგალითად, შეუძლიათ ნულის კონცეფცია გაიგონ. შედარებისთვის, ადამიანის ტვინში 90-95 მილიარდი ნეირონია. ჯერ კიდევ პატარაობიდან სწავლობს ადამიანი, რომ + არის ორი ან მეტი რიცხვის მიმატება, – კი ორი ან მეტი რიცხვის გამოკლება. აღნიშნული მოქმედებების შესასრულებლად კი ადამიანი მოკლე და გრძელვადიან მეხსიერებას იყენებს. მაგალითების ამოხსნის წესი გრძალვადიან მეხსიერებაშია, აქტიური მოკლევადიანი მეხსიერება კი ამოცანის აქ და ახლა ამოხსნაზეა პასუხისმგებელი.

მელბურნის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტის მონაწილე 14 ფუტკარი Y-ის მსგავს ლაბირინთში ჩასვეს, რომელსაც ერთი შესასვლელი და ორი გამოსასვლელი ხვრელი ჰქონდა. შესასვლელთან ფუტკრებს აჩვენებდნენ სურათებს, სადაც ცისფერი ან ყვითელი ფერის გეომეტრიული ფიგურები იყო გამოსახული: კვადრატი, რომბი, წრე და სამკუთხედი. ცისფერის მნიშვნელობა იყო მიმატება, ყვითელის – გამოკლება. ლაბირინთის შიგნით ფუტკრებს ორი სავარაუდო სურათიდან, რომელიც მათ მარჯვენა ან მარცხენა შესასვლელამდე გზას უხსნიდა, სწორი პასუხი უნდა აერჩიათ. ლაბირინთის გადალახვის 100 მცდელობის შემდეგ, რასაც 4-დან 7 საათამდე დრო დასჭირდა, ფუტკრებმა დაადგინეს, რომ ცისფერი +1-ს ნიშნავს, ყვითელი კი -1-ს.

“ექსპერიმენტის განმავლობაში ფუტკრებმა არა მხოლოდ შეასრულეს ინფორმაციის დამუშავების ამოცანა, არამედ, მათემატიკური ამოცანაც შეასრულეს” – კვლევაშია ნათქვამი, რომლის ხელმძღვანელიც დოქტორ სკარლეტ ჰოვარდი იყო. მან გასულ წელს დაამტკიცდა, რომ ფუტკრებს ნულის კონცეფციის აბსტრაქტული გაგება აქვთ. მწერებს ორი ბარათი აჩვენეს, სადაც ობიექტების სხვადასხვა რიცხვი იყო აღბეჭდილი. თუკი ფუტკარი ისეთ ობიექტებთან მიფრინავდა, სადაც ნაკლები რიცხვი იყო, ის ჯილდოდ ტკბილ წყალს იღებდა, თუკი მაღალრიცხვიან ობიექტებთან მიფრინავდა – ხინინის წყალს იღებდა. 80% შემთხვევაში ფუტკრები პირველ ბარათთან მიფრინავდნენ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მსგავსი მონაცემები ხელოვნური ინტელექტის განსავითარებლად გამოადგებათ, ასევე, დაეხმარებათ გაარკვიონ, სხვადასხვა კულტურები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად როგორ სწავლობდნენ ანგარიშს და სხვა მათემატიკურ მოქმედებებს.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიდახვრეტილი ორგანოები – მეცნიერები სამეცნიერო ჟურნალებიდან 400-მდე სტატიის ამოღებას ითხოვენ
შემდეგი სტატიასირიაში “ისლამური სახელმწიფოს” მსხვერპლთა მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს