მეცნიერები: ჩვენს სამყაროს ორეული აქვს, სადაც დრო უკუღმა მიდის

შესაძლებელია, ჩვენი სამყარო მხოლოდ პარალელური სამყაროს “სარკისებური ანარეკლია”, რომელიც შექმნილია ანტიმატერიებისგან და დიდი აფეთქების დროიდან დროის შკალაზე პირიქით მოძრაობს.
რევოლუციური თეორია, რომელიც კანადის თეორეტიული ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა წარადგინეს, ფანტასტიკური რომანის ფაბულას გავს, თუმცა, ის რამდენიმე პარადოქსის ახსნას უწყობს ხელს, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება პასუხს ვერ სცემს.
ახალი მოდელის თანახმად, დიდი აფეთქების დროს ორი “სიმეტრიული” სამყარო წარმოიშვა. ერთში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენთვის ჩვეულად მიდის დრო, მეორეში – სარკისებურად – იგივე სიჩქარით მიდის წარსულში.
კანადელ მეცნიერებს ახალი თეორიის დეტალები დასამუშავებელი აქვთ, მაგრამ მათი ზოგადი ნამუშევარი ამერიკელ ფიზიკოსთა თანამეგობრობის ჟურნალში გამოქვეყნდა.
კანადელი მეცნიერების თეორიის მიხედვით, ჩვენი სამყარო არის სივრცე, დრო და მასა/ენერგია, რომელიც დიდი აფეთქების შედეგად წარმოიქმნა, მას შემდეგ, უკვე 14 მილიარდი წელია, ფართოვდება და ცივდება. ელემენტარული ნაწილაკებისგან მუდმივად წარმოიქმნება ატომები, მათგან კი – ყველაფერი, რაც ვიცით, მათ შორის ვარსკვლავები და ჩვენ თვითონ.

სამყაროს ევოლუციას სპეციალური მეცნიერება სწავლობს – კოსმოლოგია, რომელიც აინშტაინის ფარდობითობის თეორიასა და სტანდარტულ მოდელზეა დაფუძნებული. თუმცა, ჯერჯერობით, აუხსნელია, მაგალითად, სამყაროს იმ ნაწილში, რომელსაც ვხედავთ, რატომ არის ასეთი ბევრი ნივთიერება და ასეთი ცოტა ანტინივთიერება – თეორიულად ხომ ეს საპირისპიროდ უნდა იყოს.
ამ პარადოქსის ასახსნელად, რომელიც ცნობილია, როგორც სამყაროს ბარიონული ასიმეტრია, რამდენიმე ჰიპოთეზა იყო შეთავაზებული, მათ შორის, ბნელი მატერიისა და შავი ხვრელის.

კანადელების თეორია უფრო მარტივია და მისით ყველა არსებული მოვლენის ახსნა შეიძლება, ისე, რომ არსებული თეორიები არ დაარღვიოს.
ახალი მოდელით, დიდი აფეთქება იყო წერტილი, რომლის დროსაც სხვადასხვა მხარეს გავრცელდა სამყარო და ანტისამყარო.ზუსტად ისე, როგორც ელექტრონის დაბადებასთან ერთად ვაკუუმში ანტინაწილაკი პოზიტრონი ჩნდება.

ფიზიკოსების ვარაუდით, ანტისამყარო ჩვენსას გავს, მაგრამ მისი ზუსტი ასლი არ არის (კვანტური გაურკვევლობის პრინციპის შესაბამისად).
უკანასკნელი დაზუსტება ფიზიკოსებს საშუალებას აძლევს თავი აარიდონ რთულ ფილოსოფიურ შეკითხვებს, მაგალითად, თავისუფლებასა და ნებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარალელურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები სარკისებურად ჩვენსაზე აირეკლებოდა და არა პირიქით.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიკევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიაპირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს