,,მეჩვენება, რომ ბურჯანაძე-უსუფაშვილი შეხმატკბილებულები არიან”

საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივას ხელს არ მოაწერს.
სესიაშვილს ერთი მხრივ, საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ ნინო ბურჯანაძის ინიციატივა, მეორე მხრივ კი, უბლოკო სტატუსის საწინააღმდეგოდ დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადება საარჩევნო პიარის ნაწილი ჰგონია.

„აშკარაა, რომ როგორც ბურჯანაძის, ისე უსუფაშვილის ინიციატივები მათი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ეს აშკარაა. მეტიც, მეჩვენება რომ შეხმატკბილებულები არიან – ერთმა თემა ასწია და მეორემ გააგრძელა, ამიტომ საქმე გვაქვს არა რეალურ ინიციატივასთან, არამედ საარჩევნო კამპანიასთან. შესაბამისად, ამ პოლიტიკური ინიციატივის აყოლა წინასაარჩევნო პერიოდში არ მგონია ჩვენთვის გამართლებული: ყველას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ არის გამოკვეთილად პროდასავლური ძალა, რომელმაც მიაღწია „ასოცირების შესახებ“ შეთანხმებას, ნატოს-თან ინტენსიურ ურთიერთობებს და მთელი რიგი პერსპექტივები გვიჩნდება ვიზალიბერალიზაციის კუთხითაც, რასაც ძალიან მალე ველოდებით. ამიტომ ჩვენი ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მიზანი. ამ ვითარებაში, არ მიმაჩნია სწორად ჩვენ ბურჯანაძე-უსუფაშილის პოლიტიკური პიარ-დუეტის ნაწილი გავხდეთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა საწინააღმდეგოდ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოდის.

უფრო კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ სადაც საუბარია, რა სურს ქართველს ხალხს, უნდა დაემატოს ფრაზა – „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში“. უსუფაშვილმა საპარლამენტო ძალებს აღნიშნულ წინადადებაზე ხელმოწერა სთხოვა, რათა მისი ინიცირება შესაძლებელი გახდეს.

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშითურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე დაპატიმრებულ 38 ათასს მსჯავრდებულს გაათავისუფლებენ
შემდეგი სტატიაცესკო არჩევნებისთვის დაგეგმილ სიახლეებს აანონსებს